თიანეთში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებზე “კვირი პალიტრას” გარდაცვლილის მეზობელი ესაუბრა:

“კარგი ბიჭი მოგვიკვდა, კეთილი და დაუზარელი. ბიჭიც და მამაც იმ სიტუაციის მსხვერპლნი არიან, რაც საქართველოშია, როდესაც ოჯახისთვის ლუკმა-პურის საშოვნელად დედები უცხოეთში არიან გადახვეწილი და შვილებისა და ქმრების იძულებით, წლობით მიტოვება უწევთ…
ასე მოხდა ამ ოჯახშიც, სადაც სამი ბავშვი იზრდებოდა. სამივენი პატარები იყვნენ, როდესაც დედა ლუკმა-პურის საშოვნელად საზღვარგარეთ წავიდა და ბავშვები მამასთან მარტო დარჩნენ. ბიჭი მხოლოდ 2 წლის იყო, დები კი ცოტათი უფროსები. სამივენი მამამ ჩაიბარა და ვერავინ იტყვის, რომ არ უვლიდა. ცოლი უცხოეთიდან ფულს რომ აგზავნიდა, ოჯახს უვლიდა. ოჯახში დარჩენილი მარტოკაცი ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ ტვირთს მაინც ვერ გაუძლო და ბოლოს სმას მიჰყო ხელი.
ბოლოს მუდმივად სვამდა. ვეღარ ვცნობდით, ისეთი უხეში გახდა. აქედან დაიწყო ყველა უბედურება. უფროსი გოგონა ადრეულ ასაკში გათხოვდა და თავს უშველა, ბიჭმა კი სწავლაზე აიღო ხელი. არადა, ძალიან ნათელი გონების ბავშვი იყო,  მამამ კი ვერ შეძლო, შვილებს განათლების მიღებაში დახმარებოდა. ბიჭმა 9 კლასი რომ დაამთავრა, სკოლაში აღარ წავიდა, გამოაცხადა, ყველამ ხომ არ უნდა ისწავლოს, მე ვიმუშავებო, მაგრამ ვერ იმუშავა.
დარჩა ასე, ჰაერში გამოკიდებული. მამამისს ეს არ მოსწონდა და შვილს სულ ეჩხუბებოდა, ამიტომ როცა მამა მთვრალი იყო, ბიჭი სახლში არ ჩერდებოდა… ხშირად კამათობდნენ. ეს უბედურებაც მორიგი ასეთი კამათისას მოხდა.
მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს, არავინ იცის, ზუსტად რა მოხდა, ან რა უთხრეს ერთმანეთს, მაგრამ საბრალო ბიჭი ღამე გამოვარდა ქუჩაში ყვირილით, მიშველეთო. ბიჭს საძილე არტერია ჰქონდა დაზიანებული, ძალიან ღონიერი რომ არ ყოფილიყო, ამ მდგომარეობაში ქუჩამდე ვერც გამოაღწევდა. როგორც ჩანს, მამამ მთელი ძალით დაარტყა დანა ყელში, შველა კი უკვე ვეღარ მოხერხდა, სასწრაფო რომ მოვიდა, ბიჭი ცოცხალი აღარ იყო. ყველანი სასოწარკვეთილები ვართ, არ ვიცით, რა ვუთხრათ, როგორ შევხვდეთ, ამ ბიჭის უბედურ დედას, როცა 15 წლის შემდეგ, შვილს ამ მდგომარეობაში ნახავს”, – ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.
1-ელ სექტემბერს  თიანეთის რაიონის სოფელ ახალსოფელში ტრაგედია დატრიალდა – 55 წლის ცეზარ აბრამიშვილმა 17 წლის შვილი, ვალერი აბრამიშვილი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული, რაც 7-იდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო: kvirispalitra.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები