გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში სასმელი წყლის ახალი ქსელის მოწყობა იგეგმება
“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის მოსახლეობას მალე წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს”, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი კახა სამხარაძე გორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, დავით ონიაშვილთან ერთად, დიცში მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები ადგილზე მოისმინეს. ადგილობრივები ძირითადად, სოციალურ საკითხებზე საუბრობდნენ. სასმელი წყალი იყო ერთ-ერთი იმ საკითხებიდან, რომელიც დიცში ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს დააყენეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც დეტალურად ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის კუთხით სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება.
ხელისუფლების წარმომადგენლები მინდიაშვილებისა და საღინაშვილების ოჯახებშიც მივიდნენ და მათი საცხოვრებელი პირობები ადგილზე დაათვალიერეს. უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას დაჰპირდა.