გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ახალი, 230 მეგავატიანი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლოატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში განიხილეს.
როგორც „კვირას“ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან აცნობეს, პროექტს კორპორაციის შვილობილი კომპანია „გარდაბნის თბოსადგური 2“ ახორციელებს.
როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებენ, საჯარო განხილვას ესწრებოდნენ კომპანია გარდაბნის თბოსადგური 2-ის, გარდაბანი 1-ის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გარდაბნის თვითმმართველობის წევრები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული პირები.
პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე წარადგინა გარემოს დაცვის ექსპერტმა, დავით გირგვლიანმა. განხილვისას, ყურადღება დაეთმო და პასუხები გაეცა დაინტერესებული პირების მხრიდან დასმულ შეკითხვებსა და შენიშვნებს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია გარდაბანში მეორე კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობას საკუთარი ფინანსური რესურსებით და ჩინური ბანკებიდან მოზიდული სახსრების საშუალებით განახორციელებს. პროექტის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს ჩინური კომპანია China Tianchen Engineering Corporation, რომელთანაც გასული წლის 28 სექტემბერს გაფორმდა პროექტირების, შესყიდვის და მშენებლობის (Engineering Procurement Construction) ხელშეკრულება. თბოსადგურის მშენებლობის შემდეგ, ქვეყანა მიიღებს კიდევ ერთ თანამედროვე თბოელექტროსადგურს, რომელიც 230 მგვტ. სიმძლავრის საბაზისო ელექტროენერგიას მიაწვდის საქართველოს მომხმარებლებს. გარდაბნის კომბინირებული ციკლის მეორე თბოელექტროსადგური ექსპლოატაციაში 2019 წელს შევა.
ზემოაღნიშნულ პროექტს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქართულ ენერგეტიკულ სისტემასა და მთლიანად ენერგო სექტორში. როგორც ცნობილია, საქართველოში არსებული ელექტროსადგურების გარანტირებული სიმძლავრე მთლიანად ვერ უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდის მოხმარების სრული მოცულობით დაკმაყოფილებას. ამას ემატება ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოხმარების სტაბილური ზრდა. საქართველოს მთავრობის და ენერგეტიკული სექტორის განვითარების სტრატეგიული პოლიტიკის მიხედვით, მაღალეფექტური და ეკონომიური კომბინირებული (ორთქლ-აირტურბინული) თბოსადგურების მშენებლობა ერთ-ერთ უმთავრესს პრიორიტეტს წარმოადგენს. როგორც ცნობილია, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საპარტნიორო ფონდთან ერთად, 2015 წელს დაასრულა გარდაბნის 230-მეგავატიანი კომბინირებული ციკლის პირველი თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც დღეს წარმატების ფუნქციონირებს და საქართველოს ენერგოსექტორის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს.