არჩილ თალაკვაძემ მიკრომეწარმეობისა და მცირე ბიზნესის შესაძლებლობებზე ოზურგეთში საჯარო შეხვედრა გამართა

მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორგანიზებით, ოზურგეთში მიკრომეწარმეობისა და მცირე ბიზნესის განვითარების და მხარდამჭერი პროგრამების შესახებ საჯარო შეხვედრა გაიმართა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ, შეხვედრაზე მეწარმეობისა და მცირე ბიზნესის განვითარების მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე, ოზურგეთში მცირე მეწარმეთა წარმატებულ გამოცდილებაზე და ეკონომიკის სფეროში არსებულ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა.
საკუთარი წარმატების გამოცდილება გაუზიარეს შეხვედრის მონაწილეებს მცირე მეწარმეებმა, რომელთაც საკუთარი ბიზნესი 2015-2016 წლის მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებით წამოიწყეს.
მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ახალი ფაზა 2017 წლის აპრილიდან უნდა დაიწყოს. პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში, 3000-ზე მეტი მცირე ბიზნესის დაწყება და განვითარება დაფინანსდა, რომელთაგან დიდი უმრავლესობა მდგრადი და წარმატებულია.
საჯარო შეხვედრაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მცირე მეწარმეებმა, ოზურგეთის რაიონის სოფლების წარმომადგენლებმა, 2016 წლის ბენეფიციარებმა, ახალგაზრდებმა და ადგილობრივმა მედიამ მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები