ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში კიდევ ერთი ახალი ბაღი გაშენდა
შპს „ვაზი-1“-მა პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში კაკლის ბაღი გააშენა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის, „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა, ლევან დოლიძემ და კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, თელავის რაიონში, სოფელ ჯუღაანში დაათვალიერეს პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, შპს „ვაზი-1“-ის ბაღი, რომელიც პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და 11.77 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 57 801 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 36 569 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 21 232 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში სულ 1 005.13 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 4 212 696 ლარი. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი, დღეის მონაცემებით, შეადგენს 3 017.57 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 14,4 მილიონ ლარს აღემატება.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.