ზაქარია ქუცნაშვილი – შატილის მოსახლეობას ელექტრომომარაგება აღუდგება
დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ბაზალეთის დევნილთა დასახლების მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, 15 თებერვალს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შატილში ცხრა ოჯახს და საჯარო სკოლის შენობას ელექტრომომარაგება შეუწყდა: „წყლის დონის დაკლების გამო ელექტრომომარაგებისათვის განკუთვნილმა ჰესმა სრულად ვერ მოახდინა მოსახლეობისათვის ელ. ენერგიის გამომუშავება და მიწოდება.
ტექნიკური პრობლემა შეექმნა სარეზერვო გენერატორსაც, რამაც გამოიწვია სოფ. შატილის ზედა უბნისათვის ელექტრომომარაგების შეწყვეტა. ადგილობრივი ხელისუფლების, ენერგეტიკის სამინისტროსა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მონაწილეობით მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება და პრობლემა 17 თებერვალს მოგვარდება.“
აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაზე შესაბამის სამსახურებთან აქტიურად თანამშრომლობს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ბექა ღარიბაშვილი: „ჩვენ ადგილზე მივავლინეთ სპეციალისტი, რომელმაც მოგვაწოდა დეტალური ინფორმაცია პრობლემისა და მისი მოგვარების გზების შესახებ. ჰესი, რომელიც ნოემბრის თვეში შეკეთდა დღემდე გამართულად მუშაობს. პრობლემა წარმოიშვა წყლის დონის დაწევის გამო და ამიტომ ჰესი ვერ გამოიმუშავებს სოფლისათვის საკმარის ელექტროენერგიას. მინდა საზოგადოებას მოვახსენო, რომ ხვალ 17 თებერვალს, მესაზღვრეთა ვეტმფრენი განახორციელებს ფრენას შატილის მიმართულებით, ჩვენ ყველა საჭირო ინვენტარს გავაგზავნით, რათა მოხდეს გენერატორის ამუშავება და ყველა ოჯახს მიეწოდოს ელექტროენერგია.“
როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს შატილის მოსახლეობას ელექტრომომარაგება უმოკლეს დროში აღუდგება.