რუსთავში შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული დროებითი მოთავსების განახლებული იზოლატორი გაიხსნა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი უშანგი პაპუაშვილი და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.
განახლებული იზოლატორი, რომლის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრულად შეესაბამება თანამედროვე, დასავლურ სტანდარტებს. მისი რეკონსტრუქციისას, გათვალისწინებული იქნა, დროებითი მოთავსების იზოლატორებთან დაკავშირებით, ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის სტანდარტები და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.
განახლებული, ორსართულიანი შენობა აღჭურვილია ახალი ტექნიკით, ავეჯითა და ინვენტარით. სამედიცინო პუნქტში მუდმივად იმყოფება მედიცინის მუშაკი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, იზოლატორში მოთავსებულ პირებს კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის შესაბამისად, შსს იზოლატორების რეაბილიტაციას მუდმივად ახორციელებს. 2015-2016 წლებში, რუსთავის მსგავსად, სრულიად რეაბილიტირდა ქუთაისისა და ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორები.