თბილისში 5 შვილის დედა სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ მამაკაცებს ფულს სძალავდა – რა განაჩენი გამოიტანა სასამართლომ

5 შვილის დედა, რომელიც მამაკაცებს სექსუალურ მომსახურებას სთავაზობდა და თაღლითურად ფულს სძალავდა, სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა. საქმეს 40-მდე დაზარალებული მამაკაცი ჰყავს. ქალბატონი მამაკაცებს სექსუალურ მომსახურებაში ფულს ისე სძალავდა, რომ არცერთი დაზარალებული მას არც კი იცნობდა.
თაღლითობის მუხლით გასამართლებული ბრალდებული 34 წლისაა. იგი თბილისში, ისან-სამგორის რაიონში ცხოვრობს. 34 წლის ქალმა ფეისბუქზე „ფეიქ გვერდი“ ჯერ კიდევ 2015 წლის შემოდგომით შექმნა,  რომლის საშუალებითაც მამაკაცებს სექსუალურ მომსახურებას სთავაზობდა. ის „კლიენტებს“ რამდენიმე თვის განმავლობაში ატყუებდა.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული ჯერ კიდევ დაპატიმრებისას აღიარა და მოტივიც განმარტა.
„ბრალდებულს 5 შვილი ჰყავს და მარტოხელა დედაა. ეს ყველაფერი მან შვილებისთვის გააკეთა და ფულის შოვნის საკმაოდ ჭკვიანურ გზას მიმართა. სოციალურ ქსელ ფეისბუქში გვერდი შექმნა, ლამაზი გოგოს სურათი დაურთო და მამაკაცებს სექსუალურ მომსახურებას სთავაზობდა. „მომსახურებაში“ კი მამაკაცებს 200-300 ლარს სთხოვდა. შეთანხმების შემთხვევაში ეს ქალბატონი კლიენტს მობილურის მეშვეობით უნიშნავდა ადგილს, ეუბნებოდა, გხედავ, აი, ამ მანქანით მოხვედი, ახლა, მანდ რომ ბანკომატია, ჩარიცხე ფული და ამოდი ჩემთანო. ფულის ჩარიცხვის შემდეგ, მამაკაცი უცხო ოჯახში ხვდებოდა და სექსუალურ მომსახურებას ითხოვდა. თავად, ქალი კი საერთოდ არ ჩნდებოდა და გაწბილებულ მამაკაცებს ქუჩაში ტოვებდა,“ – ამბობს ადვოკატი ზურაბ თენაძეკვირასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, ერთ-ერთმა მოტყუებულმა მამაკაცმა სამართალდამცავებს მიმართა და საქმე ასე გაიხსნა.
„საქმეს მტკიცებულების სახით თან ერთვოდა ბანკის ანგარიშების ნომერი, სადაც ხდებოდა თანხის ჩარიცხვა და გამოტანა. ის ატყუებდა მამაკაცებს, თანხას კი თაღლითური გზით ეუფლებოდა. 5 შვილის დედამ დანაშაული აღიარა, შესაბამისად დაზარალებულების დაპირისპირებაც კი არ მოხდა. საქმეში დაახლოებით 40-მდე დაზარალებული მამაკაცია,“ – ამბობს ადვოკატი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სსკ-ის 180 მუხლით (1-2 ნაწილი) გათვალისწინებულ დანაშაულში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს დასრულდა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა მოსამართლემ 34 წლის ქალს სასჯელის ზომად 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდებულის ოჯახური მდგომარეობა, რომ იგი 5 შვილს მარტო ზრდის. მისი უფროსი შვილი 14 წლისაა, უმცროსი კი 9 თვის. ადვოკატს მიაჩნია, რომ მოსამართლემ ბრალდებულის მიმართ ლმობიერი განაჩენი გამოიტანა.

 იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები