თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა – სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს
საჰაერო ძალების სარდალმა სერგო ნინუამ და საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელის სერგო ნინუას განცხადებით, თანამდებობების დატოვება ბოლო დროს აგორებულმა მიზანმიმართულმა კამპანიამ გამოიწვია.
”ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის წინააღდეგ, ბოლო პერიოდში დაწყებული მიზანმიმართული კამპანიისა გამო, ჩვენ დროებით ვტოვებთ დაკავებულ თანამდებობებს და მოვითხოვთ, დაიკითხოს ყველა პირი, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ბრალდებებზე საუბრობს. თუ დადგინდება, რომ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში დაგეგმილი რეფორმების წინააღმდეგ, ჩვენ მოვითხოვთ თანამდებობებზე დაბრუნებას. თუ დადგინდება, რომ ეს არის ჩვენ მიერ ჩადენილი გადაცდომა, მაშინ მზად ვართ პასუხი ვაგოთ კომისიის წინაშე”, – განაცხადა სერგო ნინუამ.
თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალ თანამდებობებზე სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის დანიშვნის გადაწყვეტილებაზე მოკვლევა დღეს დაიწყო.
„გენერალურმა ინსპექციამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი ამ ფაქტს რეალურად, რადგან დასახელებული პირები წლებია თავდაცვის სამინისტროს უწყებაში მსახურობენ“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
“მოამბის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით,თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლად სერგო ნინუა, ხოლო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შტაბის უფროსად გიორგი ცაბაძე კანონდარღვევით დანიშნა, ვინაიდან აღნიშნული პირები შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ.