დაზარალებული ბიზნესმენი: მითხრეს, გიორგი თარგამაძე უნდა დააფინანსო და მისთვის სარეკლამო დრო შეიძინეო

„საქართველოს ყველა რაიონში უნდა გაიხსნას ნაცრეჟიმის რეპრესიების ამსახველი მუზეუმები“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. როგორც შოშიაშვილი გამოცემასთან აცხადებს, მას სააკაშვილის ხელისუფლების დროს გრემის კულტურის სახლი მილიონად შეუფასეს და იძულებით შეაძენინეს.
შოშიაშვილი 2008 წელს იხსენებს, როდესაც მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიორგი ღვინიაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის დავით კირკიტაძის ძმა, ირაკლი კირკიტაძე დაუკავშირდნენ, ეს უკანასკნელი, იმ პერიოდში, ფინანსური პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
„ჩემი ტვირთი – 11 კონტეინერი, რისი საერთო ღირებულება მილიონი დოლარი იყო, „ოპიზას“ საბაჟოზე გააჩერეს, თავიდან ცუდი არაფერი მიფიქრია, ტვირთის ექსპერტიზას ვითხოვდი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ არანაირი დარღვევა არ მქონდა. ახალი წელი ახლოვდებოდა და თუ ტვირთის რეალიზაციას ვერ მოვასწრებდი, მნიშვნელოვნად ვიზარალებდი. როცა მივხვდი, რომ ტვირთის გაჩერების მიღმა გავლენიანი პირების ინტერესი იდგა, საქმის მოსაგვარებლად გზების ძიება დავიწყე. კავშირზე გამოვიდა ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძის ძმა, ირაკლი, რომელიც იმ პერიოდში ფინანსური პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსად მუშაობდა. მითხრა, ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენი ბიზნესი არ გაჩერდესო. ვკითხე: – რაიმე დანაშაული ხომ არ მაქვს, რას მემართლებით-მეთქი? -არაო, დანაშაული არ გაქვს, მაგრამ შენი ბიზნესი ჩვენი კონტროლის ქვეშ უნდა იყოსო. კონკრეტულად, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დააფინანსოო. აპოლიტიკური პიროვნება გახლდით და ჩემი ბიზნესის გარდა, არაფერი მაინტერესებდა. არც იმას დაგიმალავთ, რომ ნაცების მიმართ მთლად ნეგატიურად განწყობილიც არ ვყოფილვარ. არ მესიამოვნა ასეთი მოპყრობა, მაგრამ რას გავაწყობდი. 250 ათასი ლარი შემოწირულობის სახით გადავურიცხე. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია და 2010 წლამდე თავი დამანებეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდებოდა. დამიძახეს და მითხრეს, ამჯერად ჩვენი ფავორიტი ქრისტიან-დემოკრატიული პარტია – გიორგი თარგამაძე უნდა დააფინანსო და „რუსთავი 2“-ში მისთვის სარეკლამო დრო შეიძინეო. უარი არ მითქვამს. იმავე წელს, თბილისის მერის არჩევნებიც დამაფინანსებინეს, რომელშიც ნაცების სახელით გიგი უგულავა იღებდა მონაწილეობას. ესეც არ იკმარეს – ირაკლი კირკიტაძემ თავისი სამსახური დატოვა და მომთხოვა, ჩემი ფირმა, შპს „ენკა ჰაუსი“ მის სახელზე გადამეფორმებინა, დირექტორად გამემწესებინა და ხელფასიც მეხადა. ამ პროცესს მეტად უწყინარი სახელი „თანამშრომლობა“ უწოდეს. მოიყვანეს ბუღალტრების ჯგუფი და ფირმა გადაიფორმეს. კირკიტაძე მეუბნებოდა,-ნუ გეშინია, სულ მალე უკან დაგიბრუნდებაო. მართლაც 2012 წლის იანვარში გადმომიფორმა. ამ ყველაფრის მიზანი იყო, ფირმის სამზარეულოს შესწავლა, ყველა სახის შემოსავალ-გასავალის დაფიქსირება.“ – აცხადებს ვალერი შოშიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ამის შემდეგ პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და დაკითხვაზე წაიყვანეს. ბიზნესმენი ამბობს, რომ მას და მის ოჯახის წევრებს დაპატიმრებით ემუქრებოდნენ, სანაცვლოდ კი 5 მილიონი ნაღდი ფული უნდა მიეტანა, რაც არ გააჩნდა. მოლაპარაკებების შემდეგ, ტელეფონში შეტყობინება მიიღო: „წახვალ, გრემის კულტურის სახლში, მონაწილეობას მიიღებ აუქციონში და ამ შენობას 700 ათას ლარად იყიდიო. ამდენი ფული სად მქონდა? დამემუქრნენ ცუდად წაგივა საქმეო! 30 ათასი ლარი მეგობრისგან ვისესხე, „ ბეს“ სახით შევიტანე და შემატყობინეს აუქციონში გამარჯვებას გილოცავთო. მოგვიანებით, „საქართველოს ბანკში“ დარეკეს და უთხრეს – „შოშიაშვილის ქონებას ყადაღა დაადეთ და 670 ათასი ლარი გრემის კულტურის სახლში გადარიცხეთო.“ – იხსენებს წარსულს ვალერი შოშიაშვილი.
მისი თქმით, იგი 2012 წელს კიდევ დაიბარეს და საპარლამენტო არჩევნების დასაფინანსებლად, 300 ათასი ლარი მოსთხოვეს. ბიზნესმენი ამბობს, რომ მან „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს თანხა აღარ გადაუხადა.
„ვუთხარი ერთ თეთრსაც არ მოგცემთ და პირობას გაძლევთ, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ციხეში გიხილავთ-მეთქი!“ – აღნიშნავს ბიზნესმენი.
ცნობისათვის, ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილის საქმეს პროკურატურის ახალი დეპარტამენტი იძიებს.
14875319_1274684535887370_772422642_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები