გიორგი მარგველაშვილი რუსეთის ქმედებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის ქმედებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “გვინდა, გამოვთქვათ შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოსთან შეთანხმების გარეშე, საქართველოს ტერიტორის სიღრმეში 11- კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის გაფართოებასთან დაკავშირებით. ერთმნიშვნელოვანია, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი ფაქტობრივად სამხედრო და უსაფრთხოების სრულ კონტროლს ფლობს ამ ტერიტორიაზე, ეს არის არა უბრალოდ ტექნიკური ნაბიჯი, არამედ მას აქვს გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ეს ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს. “აქვე გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ ქართულმა მხარემ გამოთქვა სრული მზადყოფნა, აქტიურად ჩართულიყო სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.