„ევროკავშირს მოვთხოვთ, განმარტოს, რამდენად ასახავს ლეფორის განცხადება მათ პოზიციას“
ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ფილიპ ლეფორს მის მიერ გაკეთებული განცხადების მკაფიო უარყოფა არ გაუკეთებია. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განცხადა. „ბუნდოვანება კვლავ რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ფილიპ ლეფორმა განაცხადა და ფაქტობრივად გაახმაურა ევროკავშირის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ურყევობის შესახებ, თუმცა მკაფიო უარყოფა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ჩვენ ვერ მოვისმინეთ. ევროკავშირის ხელმძღვანელობას კატეგორიულად მოვთხოვ, რომ გააკეთონ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რამდენად ასახავს ლეფორის განცხადება ევროკავშირის პოზიციას და მართლა ხომ არ აქვს ადგილი მისი განცხადების ინტერპრეტაციას”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისივე თქმით, საგარეო უწყებამ ინსტრუქცია მისცა საქართველოს წარმომადგენლობას ევროკავშირში, რათა მათ მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია ევროკავშირის ხელმძღვანელობას ლეფორის განცხადებასთან დაკავშირებით. დღეს, მოგვიანებით დავით ზალკალიანი შეხვდება ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს და თავად ფილიპ ლეფორს. შეგახსენებთ, რომ ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფილიპ ლეფორის თქმით, სამხრეთ ოსეთის სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, რესპუბლიკის ხალხის მიერ დიდი ხანია, განსაზღვრულია. აღნიშნულ ინფორმაციას ლეფორმა უპასუხა: “არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში”. “არავინ უნდა შეეცადოს ამ პოზიციის არასწორ ინტერპრეტაციას. ევროკავშირის პოზიცია ემყარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი და შეეცადოს ამის არასწორ ინტერპრეტაციას”.