უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად მინდია ჯანელიძე დაინიშნა

   პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად მინდია ჯანელიძე დაინიშნა. როგორც “კვირას“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მინდია ჯანელიძე ამავდროულად არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დებულების თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წინაშე. საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს მუშაობის ორგანიზებას; ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატს; პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ამზადებს საბჭოს სხდომებს; აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებების შესრულებას; საჭიროების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ; კოორდინაციას უწევს საბჭოს მიერ შექმნილი დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს; დადგენილი წესით ასრულებს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი დაინიშნა, თუმცა პრემიერის პრესსამსახურის განმარტებით, აღნიშნული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები