საჯარო მმართველთა ინსტიტუტის პრეზიდენტი ბორმუთის მერს შეხვდა
ახალგაზრდული პარლამენტის დამფუძნებელი და საჯარო მმართველთა ინსტიტუტის პრეზიდენტი თეონა ლავრელაშვილი ბორმუთის მერს როდნი კუპერს შეხვდა. მერი საქართველოსათან მჭიდრო კულტურული და აკადემიური ურთიერთობებით თეონა ლავრელაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაინტერესდა, რომელმაც მერს რამდენიმე ინიციატივა შესთავაზა: ქართველი ახალგაზრდებისთვის ბორმუთის სკოლებში ინგლისური ენის შესწავლა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, რომელიც მერის საქართველოში ვიზიტის შემდგომ განხორციელდება. ასევე, მერი როდნი ბორმუთში ახალგაზრდული პარლამენტის შექმნით არის დაინტერესებული.
„თეონა ლავრელაშვილთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, ბევრი მოვისმინე საქართველოს შესახებ და, სიმართლე გითხრათ, თქვენს ქვეყანაში სტუმრობის დიდი სურვილი გამიჩნდა, ვფიქრობ, შესაძლებელია, დავამეგობროთ ბორმუთი და თბილისი. სურვილს გამოვთქვამ, შევხვდე თბილისის მერს, განვახორციელოთ გაცვლითი პროგრამები და გავუზიაროთ გამოცდილება, მსურს, რომ ბორმუთში დაარსდეს ახალგაზრდული პარლამენტი, რომლის გაცნობას კიდევ უფრო ახლოს საქართველოში ჩამოსვლისას შევძლებ“,- განაცხადა ბორმუთის მერმა როდნი კუპერმა.
თეონა ლავრელაშვილის ოფიციალური შეხვედრები ინგლისში დასრულდა. 25 იანვარს საჯარო მმართველთა ინსტიტუტის პრეზიდენტი, „2013 წლის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ დახურვის ცერემონიალზე, პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.