კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა.კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობდნენ: სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდი და საფესტივალო ორკესტრი დირიჟორ სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით. პროგრამის ფარგლებში შესრულდა საგუნდო მუსიკა და გუსტავ მალერის სიმფონია №10 (დერიკ კუკის რედაქცია).
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„მიხარია, რომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისადმი მიძღვნილი ფესტივალი ასეთი წარმატებული კონცერტით გაიხსნა. მადლობას ვუხდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ნდობისა და ლოცვა-კურთხევისთვის, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელებს, სვიმონ ჯანგულაშვილს და ზვიად ბოლქვაძეს საინტერესო პროგრამისა და თავდაუზოგავი შრომისთვის. ასევე, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის.
დარწმუნებული ვარ, მთელი წლის განმავლობაში, ფესტივალი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მიანიჭებს ათასობით მსმენელს. მადლობას ვუხდი დღევანდელი საღამოს ყველა მონაწილეს და მსმენელებს იმ ემოციისთვის, რომელმაც ეს დღე მართლაც განსაკუთრებული გახადა“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ფესტივალის „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო -1700“ ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლომდე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება. მათში ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლები, სოლისტები, ანსამბლები, საგუნდო კოლექტივები და ორკესტრები მიიღებენ მონაწილეობას.
პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელები სვიმონ ჯანგულაშვილი და ზვიად ბოლქვაძე არიან.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეები, საკანონმდებლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები