„ნინუამ კეზერაშვილი ჩაუშვა, კეზერაშვილი სააკაშვილს ჩაუშვებს და, სააკაშვილი საკუთარ ბიძას, თემურ ალასანიას ჩაუშვებს“
იარაღით უკანონო ვაჭრობაში დავით კეზერაშვილის მონაწილეობაზე ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაიაც საუბრობს. მაისაია იარაღის კონტრაბანდას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასაც უკავშირებს. როგორც ყოფილი პოლიტპატიმარი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, 2008 წლის ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე საქართველოში ბელორუსიაში წარმოებული 5 ერთეული იარაღი შემოვიდა. მისი თქმით, ეს არის ელექტროსადგური, რომელიც გამოიყენება, როგორც მოსასმენ აპარატურად, ასევე, რადიოელექტრონული დაზვერვისათვის. „თავდაცვის სამინისტროს ბელორუსიისაგან რუსული „კალაშნიკოვები“ რომ ეყიდა, კიდევ ახსნა ექნებოდა, მაგრამ ასეთი რუსული შეიარაღების შემოტანა მაშინ, როცა რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია, ძალიან საეჭვოა. ამ დროს პუტინს საქართველოსათვის სამხედრი ემბარგო ჰქონდა დაწესებული. ეს შეიარაღება სპეცკონტრაქტით შემოვიდა ბელორუსიიდან, მაშინ, როცა ამ ქვეყანას რუსეთთან ორმხრივი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. იარაღი კომპანია „ბელ თრეიდინგ კონსულტინგ ელტედემ“ შემოიტანა, რომელიც ოფშორულ ზონაში, სეიშელის კუნძულებზეა დაფუძნებული,“ – ამბობს ვახტანგ მაისაია.
მისივე თქმით, საქართველოს უცხოელი პარტნიორები საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას ედავებიან იმაზე, რომ ზემოხსენებული კომპანია შეიძლება დაკავშირებული იყოს დავით კეზერაშვილთან. „ამ იარაღის შემოტანა ვიქტორ შეიმანის გარეშე არ მოხდებოდა. თავდაცვის სამინისტრომ, რომლის ხელმძღვანელიც კეზერაშვილი იყო, მაშინ ოფიციალურად შემოიტანა ეს იარაღი. შემდეგ თვითონ მერაბიშვილი შეხვდა ბელორუსიაში ვიქტორ შეიმანს (არაერთხელ). ეს უკანასკნელი ლუკაშნეკოს მარჯვენა ხელი იყო, როგორც უკვე იცით, ბელორუსიაში კა-გე-ბეს კურირებდა და ამასთან, არალეგალური იარაღის „შავ დილერსაც უწოდებდნენ“.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ყოფილი მზვერავების მიერ არის შექმნილი, პირდაპირ წერს, რომ შეიმანი, ისევე, როგორც ვიქტორ ბუტი, იარაღის უკანონო ბიზნესში იყო ჩართული და ის რუსეთის ძალოვანი სტრუქტური წარმომადგენლის, იგორ სეჩინის ახლო მეგობარი გახლდათ. თავის მხრივ, სეჩინი პუტინისთვის ისეთივე ფულის ყულაბა იყო, როგორც კეზერაშვილი სააკაშვილისთვის,“ – აღნიშნავს მაისაია.
მისივე განცხადებით, აშშ-ისთვის მთელი ეს სქემა, სააკაშვილის ხელისუფლების კავშირები ვიქტორ ბუტთან და მის მეკავშირეებთან (შეიმანთან, სეჩინთან, პატრუშევთან) უკვე გაშიფრულია. ამერიკელები იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებული ვიქტორ ბუტის მეშვეობით გავიდნენ სეჩინზე და პატრუშევზე. 2008 წელს მას 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ვახტანგ მაისაიას თქმითვე, ბუტის „თალიბებისთვის“ იარაღი, ოქრო და ნარკოტიკები გადაჰქონდა. ბუტის ინტერესების არეალში საქართველოც მოექცა, როგორც ყველაზე მოკლე კორიდორი ბურგასამდე, რათა ტვირთები ავღანეთიდან დასავლეთსა და შემდეგ აშშ-ის მიმართულებით გადაეტანა. ამიტომაც ბუტი საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასთან კავშირზე გავიდა. „შუამავალი რგოლი თემურ ალასანია გახლდათ. ჩეკისტ თემურ ალასანიას და იგორ სეჩინს ერთი და იგივე ინსტიტუტი ჰქონდათ დამთავრებული, ბეგრაუნდიც ერთი და იგივე ჰქონდათ – საგარეო დაზვერვის მთავარ სამმართველოში მუშაობდნენ. ამერიკის სპეცსამსახურმა თემურ ალასანია გაშიფრა.
მოგეხსენებათ, ყოფილი ჩეკისტი არ არსებობს და ის ბოლომდე დაჯგუფებების დაქვემდებარებაში დარჩა. სხვათა შორის, მიმაჩნია, რომ მისი ბოლო პერიოდის საქმიანობა ჟვანიას სიკვდილის წინა პირობასთან არის დაკავშირებული. იმ ხანად ზურაბ ჟვანია ეწინააღმდეგებოდა ფოთის პორტისა და თბილისის აერიპორტის გაყიდვას, რასაც ალასანია თითქოსდა უცხოური კაპიტალის შემოტანასთან დაკავშირებით მოითხოვდა. ხაზგასმით ვაცხადებ – ჟვანია მოკლულია ფოთის პორტისა და თბილისის აერიპორტის პრივატიზაციის გამო, რადგან ყოფილი პრემიერ-მინისტრი უშუალოდ თემურ ალასანიას ინტერესებს შეეჯახა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ის პერიოდია, როცა ბუტის კომპანიამ და რუსეთის შეიარაღების ბაზამ აღორძინების ზენიტს მიაღწია. რუსეთის წლიური შემოსავალი (ოფიციალურად) იარაღის ბიზნესით 10-იდან 15 მილიარდ დოლარამდე ავიდა, ამის პარალელურად რუსეთის ოფიციალური წრეები იარაღის უკანონო ბიზნესსაც აკონტროლებდნენ,“ – იხსენებს ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია. მისი აზრით, ზურაბ ჟვანიამ გარკევეული თვალსაზრისით ტრანსსაერთაშორისო ორგანიზაციული კრიმუნალური დაჯგუფების ინტერესები გადაკვეთა. „ჯერ დაიჭირეს ალექსანდრე ნინუა, რომელიც შეიარაღებისა და ლოჯისტიკის საკითხებს კურირებდა თავდაცვის სამინისტროში, მან კეზერაშვილი ჩაუშვა, კეზერაშვილი კი ახლა სააკაშვილს ჩაუშვებს და, რაც მთავარია, სააკაშვილი საკუთარ ბიძას, თემურ ალასანიას ჩაუშვებს“, – ამბობს მაისაია. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ამერიკელებმა სთხოვეს საფრანგეთის საგამოძიებო სამსახურს, რომ კეზერაშვილისათვის იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებული კითხვები დაესვათ. „მათ უკვე ხელთ აქვთ დოკუმეტები, თუ რამდენმილიარდიანი ბრუნვა ჰქონდათ ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ თვითგადამზიდავ კომპანიებს, რომლებთანაც საქართველოს ყოფილი ხელისუფლების კავშირიც იკვეთება“, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.