საკადრო ცვლილება თავდაცვის სამინისტროში – ვახტანგ კაპანაძემ მოადგილე პოლკოვნიკები გენერლებით ჩაანაცვლა
თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. ვახტანგ კაპანაძის გადაწყვეტილებით, პოლკოვნიკები ნიკოლოზ აგლაძე და ომარ ბეგოიძე, კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს.
მათ ნაცვლად კი გენშტაბის უფროსის მოადგილეებად გენერლები – ვლადიმერ ჩაჩიბაია და გიორგი სურმავა დაინიშნა. თავად გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე საკადრო ცვლილებებს როტაციის პრინციპით ხსნის. მისი განცხადებით, გენშტაბის ახალი მოადგილეები მისი გადაწყვეტილებით დაინიშნენ.
„გენერალს ჰყავს თავის მოადგილეები, გენერლები და შესაბამისად, თანამდებობი დაიკავეს გენერლებმა. არავითარი პოლიტიკური ამ გადაწყვეტილებაში არ ყოფილა. გადაწყვეტილება ეხება შეიარაღებულ ძალებში ეფექტიანობის ამაღლებას. შეირჩნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც შეიარაღებული ძალების განვითარებას გააძლიერებენ“, – აცხადებს კაპანაძე.
კადრების განყოფილებაში გადაყვანილი პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზს ვერ ხსნის.
„ჩემი გათავისუფლების შესახებ ვერსიები არ მაქვს. წოდებრივად შესაძლებელია არ ვაკმაყოფილებ, მაგრამ კვალიფიუციურად, მე მიჭირს ამაზე საუბარი, ვინ შეაფასებს და როგორ შეაფასებს ჩემს კვალიფიციურობას“, – აღნიშნა ომარ ბეგოიძემ.
რაც შეეხება პოლკოვნიკ ნიკოლოზ აგლაძეს, იგი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
ნიკოლოზ აგლაძე და ომარ ბეგოიძე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე 2015 წელს დაინიშნენ.