ირაკლი ღარიბაშვილი სენაკის სამხედრო ბაზას ესტუმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სენაკის სამხედრო ბაზას ესტუმრა, სადაც თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ყაზარმა, სპორტული დარბაზი და აუზი დაათვალიერა. მანვე პატივი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპულ სამხედროთა ხსოვნას მიაგო. პრემიერი სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას ჯარისკაცებსაც გაესაუბრა და მათი პირობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობად სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეების ღირსების დაცვას და მათ მხარდაჭერას მიიჩნევს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების გაუმჯობესებაზე. 2013 წლიდან სამხედრო მოსამსახურეთა პირობების გასაუმჯობესებლად თავდაცვის სამინისტრომ 1,8161424 ლარი გამოყო, რაც ყაზარმებისა და გათბობი სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდა, ასევე განხორციელდა სასმელი წყლის რეზერვუარების მშენებლობა. 2013 წლის 1 თებერვლიდან სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასი 25%-ით გაეზარდათ, საერთაშორისო მისიებსა და ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის 100 000- ლარიანი ერთჯერადი დახმარება დაწესდა. 2014 წლის 1 იანვრიდან კი საქართველოსთვის ბრძოლაში და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ყველა გმირის ოჯახი იღებს ყოველთვიურ დახმარებას- 500 ლარს, რომელიც 2015 წლიდან 1000 ლარი გახდება.