პირველ ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 22 წლის იუბილე ვახტანგ კაპანაძემ მიულოც

  პირველ ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 22 წელი შეუსრულდა. ბრიგადის შტაბს იუბილე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და მისმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს.
„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე არამარტო პირველი ბრიგადისთვის, არამედ მთელი შეიარაღებული ძალებისთვის. ვინაიდან ეს ბრიგადა ნამდვილად თავისი ჩამოყალიბების დღიდან ოფიცერთა კადრების სამჭედლო იყო. თუკი საქართველოში რაიმე სასიქადულო განხორციელებულა შეიარაღებული ძალების მიერ – ერთ-ერთი იყო პირველი ბრიგადა. ის თავის თავში აერთიანებდა ისეთ დანაყოფებს, როგორიც არის შავნაბადას ბატალიონი, ავაზას ბატალიონი, თეთრი არწივის ნაწილი და ასე შემდეგ. ბევრმა ოფიცერმა აქ აიდგა ფეხი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში დღეს წარმატებით მსახურობს“,- განაცხადა გენერალ-მაიორმა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ქვეითი ბრიგადა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე დანაყოფია ქართულ შეიარაღებულ ძალებში. ბრიგადამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. ასევე, გაიარა GTEP-ისა (წვრთნისა და აღჭურვის) და SSOP-ის (სტაბილურობის შენარჩუნების ოპერატიული პროგრამა) საბრძოლო მომზადების პროგრამები. ბრიგადის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა სამშვიდობო ოპერაციებში კოსოვოში, ერაყში და ავღანეთში. ამჟამად პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბი და პირადი შემადგენლობა მონაწილეობს საერთაშორისო სამეთურო-საშტაბო სწავლებაში „ვიკინგი 2014“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები