შსს-ს თანამშრომლებმა ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა – ვიდეო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გამართულ რეგიონალურ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსა (INL) და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ორგანიზებით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა.
შს სამინისტროს ცნობით, სწავლების მიზანი იყო ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, ამ მიმართულებით თანამედროვე მეთოდების გაანალიზება და განხილვა, სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარება.
ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) სასწავლო აკადემიის ინსტრუქტორებმა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მეთოდების, საერთაშორისო დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევების, ორგანიზაციული საკითხების, ოპერატიული ღონისძიების დაგეგმვის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმოხილვის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.
ტრენინგში, ქართველ სამართალდამცველებთან ერთად, პარტნიორი ქვეყნების – ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდავეთის, უკრაინის, ბულგარეთისა და რუმინეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სწავლების დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები