“ტექდათვალიერებების ამოქმედება ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ფულის მოსაზიდად სჭირდება”

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა ძაგანია ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებს და ავტომობილებზე ტექდათვალიერების გაუქმებას სთხოვს.
როგორც კახა ძაგანიამ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, დაპირებისამებრ 2017 წლამდე ტექდათვალიერებები არ უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მიუხედავად ამისა ის სავალდებულო 2015 წლის 1 მარტიდან ხდება.
„ქართულმა ოცნებამ“ სხვა საარჩევნო დანაპირებებთან ერთად არ შეასრულა ერთ-ერთი მთავარი დანაპირები რომელიც ტექდათვალიერების ორი წლით გადატანას შეეხებოდა. 2015 წლის პირველი მარტიდან ამუშავებული ტექდათვალიერებები უნდა გადასულიყო 2017 წლის პირველ მარტამდე, სამწუხაროდ ეს დაპირება არ სრულდება“, – განაცხადა კახა ძაგანიამ.
ძაგანიას განმარტებითვე, ტექდათვალიერებასთან ერთად განიხილებოდა მანქანების სავალდებულო დაზღვევაც, რომელიც ტექდათვალიერების მგავსად არ შესრულდა. „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა ხელისუფლებას მოუწოდა მოსახლეობა იმ დამატებითი თანხის ხარჯვისგან გაათავისუფლოს რაც მათ მანქანის ტექნიკური დათვალიერება დაუჯდებათ.
„ მოვუწოდებ ხელისუფლებას დროულად დაიწყოს სამართლებრივი მოქმედებები რომელიც ტექდათვალიერების 2017 წელს გადატანას ითვალისწინებს. თუ ეს კანონი არ ამოქმედდება ჩვენს მოქალაქეებს 50 ლარიანი ბეგარა დააწვება კისერზე. ტექდათვალიერებების სისტემა უნდა იყოს გაუქმებული მანამ სანამ ეკონომიურად არ გაძლიერდება ქვეყანა“- განაცხადა კახა ძაგანიამ.
ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, უკვე განსაზღვრულია იმ პირთა ვინაობაც რომელთა ჯიბეშიც მოქალაქეების მიერ ტექდათვალიერებაში გადახდილი 50 ლარი უნდა წავიდეს. მისი განცხადებით, ეს ყველაფერი მმართველ გუნდს წინასაარჩევნოდ თანხების მოსაზიდად სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები