შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შს სამინისტროს დელეგაცასთან ერთად, ევროპული პოლიციის კოლეჯს (CEPOL) ეწვია და კოლეჯის პრეზიდენტს – ფერენც ბანფის შეხვდა.
შს სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა, გლობალური გამოწვევების ფონზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერებასა და განათლების დონის სისტემატური ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ფერენც ბანფის თქმით, ევროპული პოლიციის კოლეჯის მესვეურთ კარგად აქვთ გააზრებული გლობალური პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობა, მათ შორის, საპოლიციო განათლებისა და ერთობლივი ტრენინგების განხორციელების კუთხით. „ჩვენმა კოლეჯმა მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა ინტერპოლთან და ევროპოლთან. შევიმუშავეთ ორი მიმართულება – რეგიონალური და გლობალური მიდგომა, რაც, უწინარეს ყოვლისა, ევროკავშირის უსაფრთხოებას ემსახურება. ამ დინამიურად ცვალებად სამყაროში მუდმივად გვიხდება ჩვენი შესაძლებლობებისა და სტრატეგიის განახლება. მოხარული ვიქნებით, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ქართველ კოლეგებთან. ჩვენთვის პატივი იქნება, თუკი კოლეჯში არსებულ მკვლევარებისა და ლექტორების ბაზაში საქართველოს წარმომადგენლებიც შევლენ“, – განაცხადა ევროპული პოლიციის კოლეჯის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს შსს-ს აკადემიაში განხორციელებული სიახლეების შესახებ ისაუბრა და ევროპული პოლიციის კოლეჯის პრეზიდენტს აკადემიის ბაზაზე რეგიონული სასწავლო ცენტრის დაფუძნების პროექტი გააცნო. „სამართალდამცავ სფეროში განხორციელებული ნებისმიერი რეფორმის მდგრადობის გარანტს კარგად მომზადებული და შესაბამისი უნარებით აღჭურვილი თანამშრომლები წარმოადგენენ. შესაბამისად, მაღალი, დასავლური სტანდარტის საპოლიციო განათლების ხელშეწყობა ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. მე არ ვარ მინისტრი, რომელიც მხოლოდ ხელს აწერს დოკუმენტებს და შეთანხმება ქაღალდზე რჩება. მე სწრაფი მოქმედების მომხრე ვარ. ჩვენ მზად ვართ, დასავლელ კოლეგებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდეთ. გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ, უმნიშვნელოვანესია პარტნიორი ქვეყნების მიერ ერთიანი მიდგომებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება. მაღალკვალიფიციური და განათლებული პოლიციელი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს კრიმინალს“,- აღნიშნა საქართველოს შს მინისტრმა.
მხარეები, ევროპული პოლიციის კოლეჯსა და საქართველოს შსს-ს აკადემიას შორის სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით, კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე შეთანხმდნენ.
გიორგი მღებრიშვილი ბუდაპეშტში სამართალდამცველთა საერთაშორისო აკადემიასაც (ILEA) ესტუმრა და აკადემიის დირექტორს – ჯონ ტერპინას შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოში, უნგრეთის საერთაშორისო აკადემიის მსგავსად, სამართალდამცველთა რეგიონული სასწავლო ცენტრის დაფუძნების საკითხი განიხილეს. აღნიშნული ცენტრის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს, როგორც საპოლიციო განათლების სტანდარტის ამაღლებას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში, ამავდროულად, სამართალდაცვით სფეროში რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
„დღეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საპოლიციო საქმიანობის სფეროში, საქართველო არის ლიდერი. თუმცა, ჩვენ არ შეიძლება დავჯერდეთ მიღწეულს და უნდა გავაგრძელოთ სწრაფვა პროგრესისაკენ,“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
უნგრულმა მხარემ საქართველოს შს სამინისტროს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. როგორც ჯონ ტერპინამ გიორგი მღებრიშვილთან საუბრისას აღნიშნა, სამართალდამცველთა საერთაშორისო აკადემია (ILEA) მზადაა, საქართველოს შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებს გამოცდილება და იდეები გაუზიაროს. ამ მიზნით, უახლოეს მომავალში ორმხრივი შეხვედრები გაიმართება, სადაც ერთობლივ პროგრამებზე იმსჯელებენ.