„რომან დუმბაძეს სააკაშვილისა და მისი ხროვის მაკომპრომეტირებელი ფირები ჰქონდა“ – რომანმა ყველაფერი მითხრა…
როგორც ჩემთვის ცნობილია, რომან დუმბაძეს სააკაშვილისა და მისი ხროვის შესახებ მაკომპრომეტირებელი ფირები ჰქონდა, – ამის შესახებ “იბერიულ-კავკასიური მოძრაობის“ თავმჯდომარე ზაზა გაბედავა გაზეთ “ასავალ-დასავლთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, ქართველ გენერალს ორი კი არა, პსმ-ის შვიდი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და შვიდივე მოწამლული იყო.
ამასთან, ინტერვიუში ზაზა გაბედავა გენერალ დუმბაძესთან დაკავშირებით საქართველოში კარგად ცნობილ ორ პიროვნებას – გიორგი თარგამაძეს და ველაერი გელბახიანს ასახელებს.
“რომან დუმბაძის მკვლელობა დაიგეგმა მეგის ქარდავას კაბინეტში, მკვლელობის შემკვეთების სურვილი იყო, სააკაშვილისთვის ესიამოვნებინათ და მისთვის რომან დუმბაძის თავი მიერთმიათ!. რომან დუმბაძე მოსკოვში აკრედიტებულ ქართულ ტელევიზიებს ხშირად აძლევდა ინტერვიუს და სააკაშვილის რეჟიმს ამხელდა! რომან დუმბაძეს სააკაშვილის ციხეში მაგრად აწამებდნენ. ცელოფანის პარკს ჩამოაცმევდნენ თავზე და ისე სცემდნენ! რომანმა ყველაფერი მითხრა – შვილების გაუპატიურებითა და ოჯახის ამოწყვეტით მემუქრებოდნენ სააკაშვილის კილერებიო.
სპეცსამსახურების თანამშრომლები ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ – თუ თბილისში არ ჩამოხვალ, ამას და ამას გიზამთო“, -აცხადებს ზაზა გაბედავა.
რაც შეეხება რომან დუმბაძის მკვლელობის მომზადებას, გაბედავა აცხადებს, რომ დუმბაძის მკვლელობით ბევრი ადამიანი იყო დაინტერესებული.
„ სრული პასუხისმგებლობოთ ვაცხადებ, რომ რომან დუმბაძის მკვლელობით ბევრი ვინმე იყო დაინტერესებული! აქ, სასტუმროში, ძალიან ხშირად შევხვედრივარ ვალერი გელბახიანს… ახლაც მახსოვს ვალერი გელბახიანის ნათქვამი – ხელი ვისაც ჩამოვართვი, მეორე დღეს ვანო მერაბიშვილმა ყველაფერი ზუსტად იცოდაო! თურმე თვითონ აწვდიდა „ნაციონალებს“ ინფორმაციებს! ვალერი გელბახიანს ბელორუსიაში რაღაც ბიზნესი ჰქონდა, იქიდან კარაქი და რაღაცები შემოჰქონდა. ვიცი, რომ გელბახიანი და გიორგი თარგამაძე მაშინ ბელორუსიაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე ერთმანეთს შეხვდნენ და ვალერი გელბახიანმა გიორგი თარგამაძეს უთხრა – რომან დუმბაძე საქართველოს ხელისუფლებისთვის საშიშროებას წარმოადგენსო! თარგამაძე საქართველოში ჩამოვიდა, სააკაშვილის ხალხს ამის შესახებ მოახსენა და ძალიან მალე რომან დუმბაძის ფიზიკური ლიკვიდაცია განხორციელდა!
რომანი ძალიან გამწარებული იყო და ხშირად გამოდიოდა ტელევიზიით.
რაც ყველაზე მთავარია და როგორც ჩემთვის ცნობილია, რომან დუმბაძეს სააკაშვილისა და მისი ხროვის შესახებ მაკომპრომეტირებელი ფირები ჰქონდა. იგი სააკაშვილსა და მის გარემოცვაზე ძალიან ბევრ საიდუმლო ინფორმაციას ფლობდა. გელბახიანის და თარგამაძის საუბარი ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ გავშიფრეთ, როცა რომანი ცოცხალი იყო. სხვათა შორის, ბოლო დროს ძალიან ფრთხილობდა. ერთ-ერთ აგარაკზე ისე წავიდა, მეც არ ვიცოდი, სად იყო. არ უნდა დაბრუნებულიყო იმ აგარაკიდან, მაგრამ აშკარად ვიღაცამ გამოიყვანა იქიდან, ვიღაცას უნდა შეხვედროდა, კიტოვანი ამბობს, მე უნდა შემხვედროდაო, ფაქტია, გამოიყვანეს და მოკლეს“, -აცხადებ ზაზა გაბედავა.
ვალერი გელბახიანი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
“ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავს უსაფუძვლო ბრალდებას აქვს ადგილი! ზაზა გაბედავას საერთოდ არ ვიცნობ, მასთან შეხება არ მქონია და რასაც ლაპარაკობს, არათუ ჭორი, არამედ შეთითხნილი სისულელეა, გიორგი თარგამაძე საერთოდ რა შუაშია?! ან კიდევ, რომან დუმბაძეს რა პრობლემა შეუქმნია თავისი სატელევიზიო გამოსვლით, ვინმე გამახსენოს! ასეთ სიბინძურეს როცა ისმენ, მორალი რომ არ არსებობს, ცხადია, მაგრამ დამკვეთის მიზანიც ვერ გავიგე, გამოდის, რომ მე და გიორგი თარგამაძემ მოვაკვლევინეთ კაცი? ეს არის აშკარა დაკვეთა და მე მაგ კაცს ცრუ დასმენისთვის ვუჩივლე!“- აცხადებს გელბახიანი “ასავალ- დასავალთან“ ინტერვიუში.
აღნიშნულის საპასუხოდ ზაზა გაბედავა აცხადებს, რომ მზადაა, სიმართლე დაამტიკიცოს.
“ ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ, გელბახიანმა მიჩივლოს და ხალხი ყველაფერს დაინახავს, რაც მოხდა“, -აცხადებს გაბედავა.
შეგახსენებთ, რომ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის საქმეზე შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს მეგის ქარდავას ახალი ბრალი დაუსწრებლად მიმდინარე წლის 8 აპრილს წარედგინა.
”გამოძიებით დადგენილია, რომ შუამავლის მეშვეობით მეგის ქარდავა რუსეთის ფედერაციაში, მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა და რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა. 2012 წლის 21 მაისს, მოსკოვში, 4-კაციანმა ჯგუფმა მკვლელობა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ განახორციელა. ოთხივე პირი სასჯელს რუსეთის ფედერაციაში იხდის, ხოლო შუამავალი საქართველოში იქნა დაკავებული და იგი სასამართლომ დამნაშავემ ცნო. რომან დუმბაძე 2004 წლიდან სასჯელს იხდიდა საქართველოში სხვადასხვა მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის. 2008 წლის 27 აგვისტოს იგი შეიწყალეს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის განკარგულებით. სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლოების გრიფი, შესაბამისად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის მასალები არ ხმაურდება”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
წყარო: “ასავალ-დასავალი“