შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბერლინში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ტომას დე მეზიერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.
გიორგი მღებრიშვილმა გერმანელ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
ტომას დე მეზიერმა საქართველოს შს მინისტრს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ფედერალური ქვეყანა ვართ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი გადაწყვეტილება, მოგენახულებინათ ფედერალური მიწები. ეს მოწმობს, რომ თქვენ ყველა დონეზე გეგმავთ თანამშრომლობის გაღრმავებას, რასაც გულწრფელად მივესალმებით“.
გერმანიის შს ფედერალური მინისტრის თქმით, რამდენიმე ათასმა არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა, რომელიც გერმანიაში „თავშესაფრის მაძიებელთა“ სტატუსის მიღების გახანგრძლივებულ პროცედურას ბოროტად იყენებს, საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ საუკეთესო ურთიერთობებს ჩრდილი არ უნდა მიაყენოს. როგორც ტომას დე მეზიერმა აღნიშნა, გერმანულმა მხარემ კარგად იცის, რომ საქართველოში არავის დევნიან. შესაბამისად, გერმანიაში საქართველოსთვის „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსის მინიჭების საკითხი აქტიურად განიხილება.
გერმანიის შს ფედერალურმა მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა ის თანამშრომლობა, რომელსაც საქართველო და გერმანია რეადმისიის მიმართულებით ახორციელებენ. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოს პოლიციის ატაშეს წარმატებულ თანამშრომლობას გერმანიის ცენტრალურ და ფედერალურ კრიმინალურ პოლიციებთან.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას, რაც უსაფრთხოების საფუძველია. გიორგი მღებრიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამართალდაცვით სფეროში საქართველო-გერმანიას შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა და დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა თავის შედეგს უახლოეს მომავალში გამოიღებს.
მხარეები ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით პრევენციული ზომების გაძლიერებაზე, თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ინფორმაციისა და ექსპერტების სისტემატურ გაცვლაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის შს მინისტრებმა ხელი მოაწერეს „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
გიორგი მღებრიშვილმა ტომას დე მეზიერს ცნობილი გერმანელი პოლიტიკოსის, ვიცე-კანცლერის, ყოფილი შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰანს-დიტრიხ გენშერის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა.
საქართველოს შს მინისტრმა გერმანელი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.