საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თბილისში დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი გაიხსნა. გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები და მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ამჟამად საქართველოში დონორი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული 400-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 6 მილიარდ ლარს აღემატება.
„საქართველოსთვის ფასდაუდებელია თქვენი მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენს ქვეყანას, დაუბრუნდეს დიდ ევროპულ ოჯახს, სადაც ადამიანის თავისუფლება, მისი უფლებები და კანონის უზენაესობა მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს; გახდეს მოწინავე ქვეყანა სიღარიბის გარეშე, სადაც თითოეულ მოქალაქეს ღირსეული ცხოვრების საშუალება მიეცემა ,” – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტებია: ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის რეფორმები და სამუშაო ადგილების შექმნა; განათლების რეფორმა, რომელიც ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული; რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და მმართველობის რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებების ეფექტიანობას და მეტ გამჭვირვალობას.
“მოგეხსენებათ, რომ ჩვენ – ყველა განვითარების ახალი დღის წესრიგის სათავეებთან ვდგავართ. შარშან სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, მიღებულ იქნა გლობალური მდგრადი განვითარების მიზნები, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ჩვენ, როგორც თანამედროვე მსოფლიოს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი, მოწოდებულნი ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამყაროს განვითარების და გაუმჯობესების საქმეში. უფრო მეტიც, მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი ეროვნულ დონეზე ჩვენი მიზნებიცაა, რომლის მიღწევაც, პირველ რიგში, ჯერ საქართველოს წინსვლასა და აყვავებას მოიტანს. უახლოეს პერიოდში, ჩვენ ვიმუშავებთ მოსახლეობის დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი მოსახლეობის ყველა ჯგუფის კეთილდღეობას,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საჯარო ადმინისტრირების რეფორმის შესახებ და აღნიშნა, რომ კიდევ უფრო ღია და ეფექტიანი მმართველობის მისაღწევად საჭიროა სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში სამთავრობო უწყებებს შორის მჭიდრო კოორდინაცია და მმართველობაში სამოქალაქო ჩართულობა.
გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეები ივნისში ბათუმში დაგეგმილ მერვე მინისტერიალის კონფერენციაზე მოიწვია. ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიან პრიორიტეტებზე ისაუბრეს ასევე საქართველოს მთავრობის წევრებმა. სიტყვით გამოსვლების შემდეგ გაიმართა დისკუსია. დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი წარმოადგენს საგარეო დახმარების ეფექტიანობის გაუმჯობესების შესახებ პარიზის დეკლარაციის პრინციპების განხორციელების ერთ-ერთ მექანიზმს. საქართველო პარიზის დეკლარაციას 2011 წელს მიუერთდა. დეკლარაცია განსაზღვრავს დახმარების მიმღებ ქვეყნებსა და დონორ ქვეყნებს და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის პრინციპებს, რაც ითვალისწინებს ორმხრივ ანგარიშვალდებულებას, მჭიდრო კოორდინაციას პარტნიორებთან და ინფორმაციის რეგულარულ გაზიარებას.
ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მას ორგანიზებას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმს საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ.