შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ალირეზა მ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 158,79 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, კანაფის ფისს შეიცავს, ასევე ამოღებულია 204 აბი ე.წ. „ბიო“, რომელიც მდმა-ს შეიცავს და 50,03 გრ ფსიქოტროპული საშუალება, რომელიც კეტამინს შეიცავს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ნარკოტიკები ბრალდებულმა თურქეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. ნარკოლოგიური შემოწმებით ალირეზა მ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 261-ე მუხლით).