ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში გაემგზავრა

  საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის სამეფოში გაემგზავრა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოსა და ესპანეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს შორის ეს პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება. ირაკლი ალასანია ესპანელ კოლეგას პედრო მორენეს ეულატეს საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს გააცნობს. მხარეები თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც განიხილავენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ესპანეთის ჯავშანსაწინააღმდეგო ბრიგადისა და საავიაციო ბაზებს ესტუმრება. ასევე, დაგეგმილია ირაკლი ალასანიას შეხვედრა ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან გონსალო დე ბენიტოსთან. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამეფო ინსტიტუტში “Elcano” სიტყვით გამოვა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრებს. სამეფო ინსტიტუტში მინისტრის გამოსვლას ორგანიზაცია „Ceseden“-ის სამხედრო ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის, ასევე სხვა კვლევითი ცენტრებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან. დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის ინტერვიუები სხვადასხვა ესპანურ გამოცემებთანაც.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი ესპანეთის სამეფოში 26 მარტს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები