შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბაკურიანში ქალი დააკავა – ვიდეო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ნატალია ბ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბაკურიანში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ნატალია ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც ის კუთვნილი ავტომანქანით ბაკურიანიდან ბორჯომის მიმართულებით გადაადგილდებოდა. პოლიციამ ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – მეტამფეტამინი ამოიღო. დაკავებულს შემოწმებისას ნარკოთრობა დაუდგინდა. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).