ათონის მთის მონასტერში ქართველი ხელოვანის მიერ შექმნილი კარი დაიკიდება ქართული ასოებით – ვინ აგრძელებს 5 – საუკუნოვანი კარის ისტორიას…
ათონის მთაზე მდებარე დიონისეს მონასტრის ცენტრალურ ეკლესიაში ნიკოლოზ ბადურაშვილის მიერ შექმნილი უნიკალური კარი დაიკიდება. როგორ აღმოჩნდა ხელოვანი ათონის მთაზე და როგორ შეიქმნა მომავლის ისტორია ქართველის ხელით..
– რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც ხე…
– ხეზე მუშაობა დაახლოებით 20 წელია, რაც დავიწყე. წარმოშობით თიანეთიდან ვარ. 15-16 წლის ვიყავი, როცა პირველად ვნახე, როგორ აკეთებდა ხეზე ნამუშევრებს ჩვენი ოჯახის მეგობარი. ძალიან მომეწონა და ასე ჩავაბარე 1994 წელს მოსე თოიძის სასწავლებელში. ძალიან კარგი სკოლა ჰქონდათ… რეზო ბადურაშვილი და ცხონებული ვასო საღლიანი გვასწავლიდნენ. ორივე ძალიან კარგი ოსტატები, შემსრულებლები და პედაგოგები იყვნენ, მათი სკოლა გავიარე. შემდეგ დაიწყო დიდი სამების მშენებლობა, პატარა ჯგუფი ვიყავით და ბევრი რამ გავაკეთეთ. 2-3 წელი სამებაში, ტაძრის კარზე საკმაოდ მოცულობით სამუშაოს ვასრულებდი. მინდა ვთქვა, რომ ჩემს პროფესიაში პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია, მე დღესაც პრაქტიკას გავდივარ…
– როგორც ყველა ხელოვანს, თქვენს ალბათ მწირი დაფინანსება გქონდათ…
– ერთია, როცა ფიროსმანივით მაღალი დონის გენია ხარ, ეს სხვაა და მეორეა, როცა ჩემსავით უბრალო მოკვდავი ხარ. თუ არ არის შესაბამისი დაფინანსება, ფიზიკურად ვერ შეძლებ მაღალი დონის ნამუშევრის შესრულებას, იმიტომ რომ ასეთ ნამუშევარს დრო სჭირდება და, გამომდინარე იქიდან, რომ ცხოვრება გვინდა, დრო არ არის… საქართველოში სულ მქონდა სამუშაო, თუმცა, დაფინანსების სიმწირის გამო, რა თქმა უნდა, გვიჭირდა. მიუხედავად ამისა, თავს ვერ ვანებებდით, ჩვენი საქმე გვიყვარდა. მერე მომიწია ბეთანიაში წასვლა, სადაც გავიცანი მამა გაბრიელი, რომელიც ათონის მთაზე წამოვიდა. სწორედ მან გამიკეთა მოწვევა ჩემი თხოვნით და ასე მოვედი აქამდე…
– ყოველთვის საეკლესიო ნამუშევრებს ქმნიდით, თუ?..
– რაღაც პერიოდში საერო ნამუშევრებზეც ვმუშაობდი, მაგრამ არ მაინტერესებდა. ძირითადად, საეკლესიო ნამუშევრები მიზიდავდა…
– ჯვრები, რომლებშიც ფრაგმენტებია…
– ძალიან საინტერესო სამუშაოა. ეს მინიატურები საქართველოში არ მინახავს… არის ასეთი – ვატო ხოშტარია, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე მუშაობს მინიატურაზე, მაგრამ კიდევ თუ ვინმე არის, არ ვიცი… ასეთი მინიატურები ვნახე პირველად აქ, ათონის მთაზე. აქაური ბიზანტიური სტილია, რამდენიმე ასეთი ნამუშევარი საქართველოს მუზეუმშიც არის დაცული, თუმცა ვისი შეწირულებაა, არ ვიცი. ვნახე და ძალიან დავინტერესდი. თავიდან ვერც მივხვდი, როგორ იყო გაკეთებული, იმდენად რთულია, შემდეგ დაახლოებით მივხვდი პრინციპს, როგორც კეთდებოდა… ჩემს ჯვარს ორივე მხრიდან სცენები აქვს. მუშაობისთვის დაახლოებით თვენახევარი მჭირდება. მინიატურაზე 5-6 საათზე მეტ ხანს ვერ იმუშავებ, თუმცა, როცა მოცულობითი დეტალებია, დღეში 10-11 საათი მიმუშავია. მინიატურაზე მთლიანად დაძაბული ხარ, მქონია შემთხვევა, მუშაობის პროცესში სუნთქვა შემკვრია და დამვიწყებია ამოსუნთქვა ან ჩასუნთქვა.
– ამ დროს საეკლესიო განათლებაც საჭიროა ხომ, რომ ეს სცენები შეასრულოთ?
– რა თქმა უნდა. რაც უფრო მეტი იცი იმაზე, რასაც აკეთებ, მით უფრო კარგი ნამუშევარი გამოვა. თუ არ იცი, რას ქმნი, ვერ ჩადებ გულს და სულს. როცა იცი ისტორია, კანონიკა, იცი, საიდან მოდის თვითონ ის, რა დევს მასში, რასაც აკეთებ, მაშინ ნამუშევარი, თავისთავად, უკეთესი გამოვა.
– თავიდან როგორ გაჩნდა იდეა, რომ ეს კარი თქვენ უნდა გაგეკეთებინათ?
– როგორც აღვნიშნე, მამა გაბრიელმა ზოგრაფის მონასტრიდან გამომიგზავნა მოწვევა. მონასტერში ნახეს ჩემი ნამუშევრები, მოეწონათ, დამტოვეს და სამი წელი ვმუშაობდი იქ. შემდეგ ათონის მთაზე ბერძნების ვაპოტედის მონასტრიდან მივიღე შეთავაზება. ამ მონასტერში წელიწად-ნახევარი დავყავი. 300–400 წლის წინანდელი ნამუშევრები მუზეუმში წაიღეს და ახალზე მე ვიმუშავე, რომელიც მათ ადგილზე დაიდო მონასტერში. მერე დიონისეს მონასტრის ცენტრალური ეკლესიის მონაზონმა ნახა ჩემი ნამუშევრები, მოეწონა, ზოგადად, ქართველები უყვარს ძალიან და მთხოვა, ეკლესიისთვის კარი გამეკეთებინა. ასე აღმოვჩნდი ათონის მთაზე მდებარე დიონისეს მონასტერში, ძველი კარი 5 საუკუნეზე მეტს ითვლის, რამდენჯერმე ჩაუტარდა რესტავრირება, ახლა კი მისი შეცვლა გადაწყვიტეს… ორი წლის წინ გადმოვედი ამ მონასტერში, კარზე მუშაობის პროცესს კი სულ 9 თვე დაჭირდა.
– იმ კარის ანალოგია, თუ შეიცვალა რამე?
– აბსოლუტური ანალოგია იმ კარის, რაც აქამდე იყო. ქვემოთ დეტალები გამოცვალეს, იმიტომ რომ ძალიან დაზიანებული იყო. ამ კარს დაახლოებით 500 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე რესტავრირება ჩაუტარდა და სხვადასხვა ხელოსნის ხელში გაიარა. თავიდან იყო 2 მეტრის, შემდეგ თვითონ მონასტრის მოცულობა გაიზარდა და შეიცვალა, ახლა 3 მეტრია. ძალიან დაზიანებული სახით მოვიდა დღემდე და უკვე გამოცვლა გახდა საჭირო.
– რა ბედი ეწია ძველ კარს?
– ძველ კარს რესტავრაციის შემდეგ მუზეუმში წაიღებენ. ახალი კარი დასრულების ეტაპზეა, შეღებვა, მოოქროვება უნდა მოხდეს… ამ პროცესს დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. შემდეგ კი დიონისეს მონასტრის მთავარ ტაძარში დაიკიდება. 90 პროცენტი დარჩა ძველი, ზუსტი ანალოგი, ქვემოთა დეტალები ძალიან დაზიანებული იყო, მითხრეს – შენ რასაც მოიფიქრებ, ის გააკეთეო, ამიტომ რაღაც დეტალები ჩემი ესკიზით არის შესრულებული.
– რა გრძნობაა, როცა ასეთ ისტორიასთან გიწევს შეხება და ქმნი ნამუშევარს, რომელიც დაახლოებით 5 საუკუნე მაინც გაუძლებს დროს…
– რა თქმა უნდა, დიდი ბედნიერებაა და ღვთის წყალობაა ეს ყველაფერი. ამხელა ისტორიაზე მიწევს შეხება და მეამაყება, რომ ქართველის გაკეთებული ნამუშევარი რჩება ამ მონასტერში. ეს ძალიან მახარებს… ძველი კარის ავტორი არ იციან, ვინ არის, მისი ვინაობა შემონახული არაა. მეც მინდოდა მეთხოვა და თავად დამასწრეს და შემომთავაზეს, რომ ახალ კარზე, უკან გამოსაჩენ ადგილზე, ქართული ასოებით დაეწერება შემსრულებლის სახელი და გვარი.
– როგორ მუშაობდით, მთლიანად ხელით შეასრულეთ?
– ზოგადად, დაზგასთან მუშაობა გვიწევს, მაგრამ თანამედროვე კომპიუტერული საშუალებებით არაფერი გამიკეთებია. მთლიანად ხელით შევასრულე, დაზგაზე მხოლოდ მასალის დამუშავება მიწევდა. ორნამენტები თითქოს ერთნაირია, მაგრამ არცერთი დეტალი არ მეორდება, აბსოლუტურად სხვადასხვაა. თვითონ კარი არის მუხის, რომელზეც შემდეგ არის ორნამენტი აწყობილი. ორნამენტი საქართველოდან წაღებული ველური მსხლის, ანუ პანტას მასალისგანაა. წებო არ გამომიყენებია, სპეციალური ხის ბურთულებითა არის ორნამენტები დაკავშირებული. წლების შემდეგ თუ რესტავრაცია დაჭირდება, შესაძლებელია დაშლა და შემდეგ აწყობა. კონსტრუქცია საკმაოდ საინტერესოა. მიკვირს კიდეც, იმ პერიოდში როგორ შეძლეს ასეთ მაღალ დონეზე მუშაობა, იმაზე უკეთესია, ვიდრე დღეს გვაქვს…
– ეს პროფესიული თვალსაზრისით ძალიან დიდი მიღწევაა, რას გეგმავთ მომავალში…
– ჯერჯერობით ათონის მთაზე ვარ. აქ ვერ დაგეგმავ ვერაფერს. რა თქმა უნდა, მინდა, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე საქართველოში, მანდ ჩემი ოჯახი დავტოვე, მეუღლე თამარ ჩხიკვაძე და სამი შვილი: თეკლა, ალექსანდრე და იოანე. წელიწადში ორჯერ ვახერხებ ჩამოსვლას… ამ კარის შემდეგ უფრო მეტი შემოთავაზება მაქვს. ველოდები, შეიძლება ისეთ რამეზე მომიწიოს მუშაობა, რაზეც ქართველებს წლებია არ უმუშავიათ. ვნახოთ, ღვთის წყალობით იმედი მაქვს, ყველაფერი გამოვა.
ნინო ჯაჯანიძე