იუნონა აფაქიძე: ნიკა გვარამია და ნოდარ ლადარია დაბოღმილები არიან!
„მუსიკათმცოდნე იუნონა აფაქიძე მიიჩნევს, რომ გვარამია და ლადარია, რომლებსაც კლასიკური მუსიკა ფოლკლორისგან ვერ გაურჩევიათ, ქართული კულტურის მტრები არიან“, – ამ სიტყვებით ეხმაურება მუსიკისმცოდნე იუნონა აფაქიძე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და პროფესორ ნოდარ ლადარიას განცხადებებს.
იუნონა აფაქიძეს მიაჩნია, რომ ოპერა „აბესალომ და ეთერი“ ნიკა გვარამიამ კი არ უნდა შეაფასოს, არამედ კლასიკური და ფოლკრული მუსიკის ისეთმა მუსიკისმცოდნეებმა, როგორიცაა სტრავინსკი.
იუონანა აფაქიძე წარსულს იხსენებს და მე-20 საუკუნის რუსი კლასიკოსის, კომპოზიტორისა და ხელოვანის იგორ სტრავინსკის მოსაზრებას ციტირებს.
„ჯერ ერთი, ის ვერ გავიგე, გვარამია ქართულ კლასიკურ მუსიკას რა ნიშნით და რის საფუძველზე ადარებს მსოფლიოს ფოლკლორულ ან ხალხურ მუსიკას? თუ შედარებაა, ფოლკლორული მუსიკა შევადაროთ ფოლკლორულს, ხოლო კლასიკა – კლასიკას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არა გვარამიას, არამედ სტრავინსკის აზრი, რომელმაც თქვა – ბახი რომ ცოცხალი ყოფილიყო და ქართულ – კახური სიმღერები მოესმინა, პოლიფონიაზე უარს იტყოდა და ჰომოფონიურ მუსიკას დაწერდა! რომელ ჩამორჩენილობაზეა ლაპარაკი? ჩამორჩენილობა მაგ უბედურებმა იმაში ეძებონ, სააკაშვილის გვამიდან რომ ვერ გამოსულან! იცით, რატომ ლანძღავენ გვარამია და ლადარია ქართულ ოპერას? იმიტომ რომ დაბოღმილები არიან, რადგან ბიძინა ივანიშვილმა ოპერის თეატრი მთელი თავისი ბრწინვალებით აღადგინა!“ – აცხადებს მუსიკისმცოდნე იუნონა აფაქიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერის“ შესახებ სტატუსი გამოაქვეყნა.
„ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინელესი ოპერა „აბესალომ და ეთერი“ . თრეში ნამდვილი. საერთოდ, კარგი ქართული ოპერა არც არსებობს, მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკა, ზოგადად, ძალიან სუსტია, განსაკუთრებით მსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ხოლო, ნოდარ ლადარიამ განაცხადა, რომ „და ევრორემონტი რომ ჩავუტაროთ „აბესალომ და ეთერს?!“