მოხვდება თუ არა ზაზა ფაჩულია “ოლ სტარის” სათადარიგო მოთამაშეთა შორის – ინტერვიუ კალათბურთელთან
ზაზა ფაჩულიას მხოლოდ 14 ათასი ხმა დააკლდა NBA-ს “ოლ სტარის” სასტარტო ხუთეულში მოსახვედრად, თუმცა, ჯერ კიდევ არის მცირე შანსი, ის “ოლ სტარის” სათადარიგო მოთამაშეთა შორის მაინც მოხვდეს. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მწვრთნელების არჩევანის შესახებ 28 იანვარს გახდება ცნობილი.
“კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ზაზა ფაჩულია ამბობს, რომ კონკურენცია დიდია და მასზე ამ შემთხვევაში არაფერია დამოკიდებული.
“შანსი ყოველთვის არსებობს, მაგრამ… კონკურენციაც დიდია და თანაც, ჩემზე არაფერია დამოკიდებული. თუმცა, მე ყველა შემთხვევაში გავაგრძელებ ჩემი საქმის კეთებას და ვეცდები, მოვალეობა პირნათლად შევასრულო. გვინდა, ეს კარგი სეზონი განსაკუთრებულად დასრულდეს. თუნდაც იმიტომ, რომ დირკ ნოვიცკისთვის ერთ-ერთი უკანასკნელი სეზონია და ვცდილობთ, რაც შეიძლება კარგად ვითამაშოთ, დირკი დამარცხებული რომ არ წავიდეს სპორტიდან!“,- აცხადებს ზაზა ფაჩულია. კალათბურთელი ასევე ადასტურებს იმას, რომ მან და ნოვიცკიმ ნაძლევი დადეს – მიმდინარე სეზონში ვინ უფრო მეტჯერ ჩატენის ფარში.
“მართალია და ჯერჯერობით ისევ წინ ვარ – “ოკლაჰომასთან” მატჩის შემდეგ 11:4 გახდა ჩემს სასარგებლოდ. რაზე დავნაძლევდით? ამას ვერ გაგიმხელთ“, – აღნიშნავს კალათბურთელი.
რაც შეეხება სეზონზე განსაკუთრებით წარმატებულად თამაშის მიზეზსს, ფაჩულია აცხადებს, რომ თავისი გამოცდილება კარგად შეეწყო “დალასს“.
“დალასი” დაკომპლექტებულია ძლიერი, გამოცდილი მოთამაშეებით, რომლებმაც სწორად თამაშიც იციან, არც წარმატება უკვირთ და პირადზე წინ გუნდის ინტერესებს აყენებენ. ჩემი წინა კლუბები, ძირითადად, განვითარებაზე, მოთამაშეთა გაზრდაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, “დალასში” კი, უპირველესად, გამარჯვებასა და სწორ თამაშზე ფიქრობენ. ჩემი გამოცდილება კარგად შეეწყო გუნდს და წარმატებული თამაშიც ამის დამსახურებაა“,-ამბობს კალათბურთელი.