ქათმის ხორცის უმეტესობა სპეციალურ ჰორმონებს შეიცავს, რომელიც მამაკაცის პოტენციაზე ცუდად მოქმედებს – რა რჩევებს იძლევა ექსპერტი
სურსათის უვნებლობის საკითხებში გია ბურჯანაძე ამტკიცებს, რომ იმპორტული ქათმის ხორცის უმეტესობა სპეციალურ ჰორმონებს შეიცავს, რომელიც მამაკაცის პოტენციაზე ცუდად მოქმედებს. როგორც გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბურჯანაძე ყვება, საქართველო გახდა გაფუჭებული, საკვებად უვარგისი პროდუქტის რეალიზების ბაზარი. მისი თქმით, საქართველოში შემოედინება ისეთი ხარისხის საკვები, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში განადგურებას ექვემდებარება.
„იმპორტული ქათმის ხორცის უმეტესობა სპეციალურ ჰორმონებს შეიცავს. მათ შორის, ქალის ჰორმონებს, რომელიც ქათმის სასურველ წონამდე მისაყვანად გამოიყენება და რომელიც მამაკაცის პოტენციაზე ცუდად მოქმედებს. რეალურად ხდება გაფუჭებული ხორცის გაღვიძება, სასაქონლო ფორმაში მოყვანა. ამ პროდუქტებში ქიმიური შემადგენლობებია – ეს არის ქლორი, ხსნარები, რომლებიც გასაყიდ იერს შესძენს გაფუჭებულ პროდუქტს. ეს ეხება ქათმის ბარკალს, ქათამს, ნებისმიერ ხორცპროდუქტს. ამ ყველაფრით მისი „გაახალგაზრდავება ხდება“,-აცხადებს ექსპერტი.
„პრაიმტაიმი“ 2015 წლის მანძილზე ჩატარებული კვლევების შედეგებით დაინტერესდა და გაარკვია, რომ საქართველოში იმპორტირებული გაყინული ქათმისა და ქათმის ბარკლის 64 ნიმუშიდან, 22 -ში პათოგენური მიკროორგანიზმები აღმოჩნდა. კერძოდ, 19- ნიმუშში სალმონელა, 3-ში კი ლისტერია,რომელბიც ადამინის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.
როგორც ბურჯანაძე ამბობს, განსაკუთრებით საშიშია შებოლილი სკუმბრია. როგორც მან აღნიშნა, შებოლილი სკუმბრიის დაახლოებით 70 პროცენტი არ შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა საკვებად.
„ბაზარზე დიდი ხნის წინ გამქრალი „მარგანცოვკის“ მეშვეობით ხდება ხორცის თუ თევზეულის დამუშავება და მისი ხელახლა დახლებზე გატანა. გაყინულ თევზს რომ ვყიდულობთ აგრარულ ბაზარში, არცერთი საყინულე დახლმაცივარში არ დევს, რადგან თითქმის ყველა გამორთულია. 2-ჯერ, და მეტჯერ ხდება ამა თუ იმ პროდუქტის გაყინვა. არადა გაყინვა მხოლოდ ერთხელააა ნებადართული და მერე ის უნდა გაანადგურო. ქართველი ერის ამოსახოცად, ბიოლოგიური ბრძოლაა გამოცხადებული. ქართული ბაზარი სავსეა „გაფუჭებული პროდუქტებით“,-განმარტავს გია ბურჯანაძე და მშობლებს გარკვეული სახის რეკომენდაციას აძლევს. მისი რჩევით, მშობლებმა პროფილაქტიკის მიზნით პირველი ნახარშით მიღებული ბულიონი უნდა გადაასხან, ბავშვისთვის ბულიონის გაკეთება მხოლოდ მეორე ნახარშისგან გამოღებული წვენით შეიძლება.