თავდაცვის აკადემიას პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში მწერლები და პოეტები ესტუმრნენ

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში მწერლები და პოეტები ესტუმრნენ. ბათუ დანელია, ნანა ქარდავა, გივი ალხაზიშვილი, მანონ ბულისკერია, ნინო გუგეშაშვილი, ირმა ბერიძე, ინა არჩუაშვილი, ირაკლი ლომოური, მარიამ წიკლაური და შორენა ლებანიძე აკადემიის იუნკერებს შეხვდნენ და მათ თავიანთი შემოქმედება გააცნეს. სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ ერეკლე ჩიგოგიძემ და თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნათია ტრაპაიძემ უმასპინძლეს.
შეხვედრას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძეც დაესწრო. მსმენელები სტუმრების ლექსებსა და მოთხრობებს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ისმენდნენ. რამდენიმე იუნკერმა მწერლებს საკუთარი შემოქმედებაც გააცნო.
„ეს პროექტი არის ძალიან კარგი წამოწყება, რომელიც ქეთევან დუმბაძეს ეკუთვნის. ამჯერად ჩვენ სტუმრად ვიყავით იუნკერებთან, წავიკითხეთ ჩვენი ნაწარმოებები. იუნკერები დიდი ინტერესით გვისმენდნენ. ეს კონტაქტი აჩენს გარკვეულ ტრადიციას, იქმნება გარკვეული დამოკიდებულება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მიხარია, რომ ეს კონტაქტი შედგა“,- განაცხადა მწერალმა გივი ალხაზიშვილმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბიბლიოთეკა დაათვალიერეს და ბიბლიოთეკას საჩუქრად თავიანთი წიგნებიც უსახსოვრეს. პროექტი „ცოცხალი წიგნები“ კულტურისა და თავდაცვის სამინისტროებს შორის ნოემბერში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. ეროვნული თავდაცვის აკადემიამდე თანამედროვე ქართველი მწერლები ჯარისკაცებს კოჯრის სერჟანტთა მომზადების ცენტრსა და ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები