თინა ხიდაშელი 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ტურნირს დაესწრო
რუსთავის #7 საჯარო სკოლაში, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა კალათბურთში, რომელსაც დაესწრნენ – თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე- სპიკერი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური, რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე.
თინა ხიდაშელის განცხადებით, ასეთი ღონისძიებები უნდა ტარდებოდეს იმიტომ, რომ ჩვენი ახალი თაობა იცნობდეს თავისი თაობის გმირებს.
,,ვფიქრობ, ყველა სკოლაში, სადაც ჩვენი აგვისტოს გმირები დადიოდნენ, ავღანეთის მისიაში დაღუპული ჩვენი გმირები სწავლობდნენ, ასეთი ღონისძიებები უნდა ტარდებოდეს იმიტომ, რომ ახალი თაობა იცნობდეს მისი თაობის გმირებს, იცოდეს იმ ადამიანების ისტორიები, რომლებიც მათ სკოლაში სწავლობდნენ, მათ ქუჩაზე დადიოდნენ, მათ ქალაქებში ცხოვრობდნენ. ასე გაცილებით ჯანსაღი იქნება თაობა და უფრო წარმატებული იქნება ქვეყანაც”, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
რუსთავის მერის დავით ჯიქიას განცხადებით, ვახტანგ გზირიშვილის სახელობის გარდამავალ თასზე ტურნირი კალათბურთში რუსთავის # 7 საჯარო სკოლაში უკვე მერვედ ჩატარდა. ,,ვახტანგ გზირიშვილის ტურნირი კალათბურთში 2008 წლიდან ტარდება, ბავშვები არ ივიწყებენ ჩვენი გმირების სახელებს და ამ ფორმით გამოხატავენ მათ მიმართ პატივისცემას. წელს ტურნირი ახლად გარემონტებულ სპორტულ დარბაზში ჩატარდა”, – განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.
მე-7 სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად ძიძიგურის ბიუროს, რუსთავის მერიის ხელშეწყობითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. აგვისტოს ომის გმირის ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ გუნდს გმირის სახელობის გარდამავალი თასი, ტურნირის მონაწილეებს კი, სპეციალური სიგელები პარლამენტის ვიცე- სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ვახტანგ გზირიშვილის დედამ – მარინა გზირიშვილმა გადასცეს. რუსთავის მე-7 საჯარო სკოლას აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ორი კურსდამთავრებული ჰყავს – ვახტანგ გზირიშვილი და კახაბერ თავგორაშვილი, რომელთა ხსოვნის პატივსაცემად სკოლაში ყოველწლიურად მათი სახელობის ტურნირები იმართება კალათბურთსა და ფრენბურთში.