თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და საჯაროობის გაზრდა წარმოადგენს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და საჯაროობის გაზრდა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, თავდაცვის უწყებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების საიდუმლო შესყიდვების განხორციელების რეფორმა დაიწყო, რომელიც გამჭვირვალობისა და მაღალი კონკურენტუნარიანი, თანაბარი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.
დღეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ საიდუმლო შესყიდვების რეფორმის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ, საიდუმლოებაზე დაშვების მქონე, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდა. როგორც მან აღნიშნა, საიდუმლო სამშენებლო შესყიდვების ახალი მექანიზმის საშუალებით თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ყველა დაინტერესებული მხარე სათანადო ინფორმაციას მიიღებს და შესაბამის კომპანიებს, საიდუმლო შესყიდვის კუთხით, თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ. დავით ებრალიძემ დღემდე არსებული მექანიზმი ახალ ინიციატივასაც შეადარა და მის დადებით მხარეებს გაუსვა ხაზი: „შესაძლოა, გამარჯვებული ერთი კომპანია ყოფილიყო და კონტრაქტი მეორესთან გაფორმებულიყო. ეს იყო სრულიად გაუმჭვირვალე და უსამართლო მექანიზმი. ჩვენ შევცვალეთ ეს მექანიზმი. საიდუმლო სამშენებლო შესყიდვები ზუსტად იმავე პრინციპით განხორციელდება, როგორიცაა ღია ტენდერები www.spa.ge-ზე. გაიმართება ვაჭრობა და გამოვლინდება გამარჯვებული, რომელთანაც დაიდება კონტრაქტი. საიდუმლო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პროცედურები კი შესაბამისი კომუნიკაციით განხორციელდება. საიდუმლოებასაც არავითარი პრობლემა არ ექნება, არ დაირღვევა საიდუმლოების თემა და, ამავდროულად, მთელი ეს პროცესი ძალიან ღია და ტრანსპარანტული იქნება.“
სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კომპანიების წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროს ახალ რეფორმას მიესალმნენ და საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციებიც წარმოადგინეს.