მაკა ბოჭორიშვილი – ევროკავშირთან დიალოგზე: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, გადაცემაში “იმედი LIVE” ვრცლად ისაუბრა ევროკავშირთან არსებულ ურთიერთობებზე.
“ფაქტია, რომ ევროკავშირს უჭირს დიალოგში შემოსვლა, თუნდაც კანონებთან დაკავშირებით. 2 წლის განმავლობაში ხომ შესაძლებელი იყო, თუკი არსებობდა სურვილი პოლიტიკური დიალოგის, მოძებნილიყო რაღაც პლატფორმა, თუ პრობლემას კანონი წარმოადგენს, ერთი შეხვედრა, დისკუსია შემდგარიყო და მოგვესმინა ვინმესგან, თუ რა ნაწილში არის ეს კანონი მიუღებელი”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, მიდგომები საქართველოსთან დაკავშირებით შეცვლილია, რიგ წევრ ქვეყნებში ეს პოზიცია აქტიურად ფიქსირდება, რომ ისინი არ ემხრობიან ბრიუსელის „გაბუტვის პოლიტიკას”, თუმცა ბრიუსელს უჭირს დიალოგის დაწყება.
როგორ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, არიან ქვეყნები, არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ წინაპირობები დააყენონ დიალოგის განახლებისთვის, რაც სრულიად მიუღებელია.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე.
“ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე. საქართველო არ არის ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ან შეწყვიტა დიალოგი. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან არც მზაობა აკლდა დიალოგს და არც სურვილი. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ თქვენთან საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს. პირიქით, პოლიტიკური გზავნილი მუდმივად იყო ასეთი, რომ თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ, როგორ ცუდადაც არ უნდა მოიქცეთ, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ამაზე მეტი ღიაობის გზავნილი რა შეიძლება ყოფილიყო ქართული მხრიდან. ასეთი იყო გზავნილი მაშინაც კი, როდესაც კონკრეტული ქვეყნები უსამართლო სანქციებს აწესებდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. მათთან არ გაგვიჩერებია და არ გამოგვიხატავს რადიკალური პოზიციები. მითუმეტეს, ბრიუსელთან არასდროს გვითქვამს, რომ არ დაგელაპარაკებით, ვწყვეტთ დიალოგს. არა, პირიქით, ჩვენ მუდმივად ვაკეთებდით აქცენტს, რომ ერთგულები ვართ იმ შეთანხმების, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს ხელმოწერილი. ეს არის ასოცირების შეთანხმება. ასოცირების შეთანხმებას თავისი ჩარჩო აქვს დიალოგის და პირიქით, ეს არის ევროკავშირის მხარე, რომელიც არღვევს ამ შეთანხმებას ზუსტად იმით, რომ დიალოგი აქვს შეჩერებული საქართველოსთან. უბრალოდ, ბოლო პერიოდში რადგან სავიზო საკითხებზე შედგა დიალოგი, გარკვეული საუბრებიც გააქტიურდა ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ მოგვიწია სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა ფორმატში დაგვეფიქსირებინა ის, რასაც წლებია ვაფიქსირებთ, რომ ღია ვართ დიალოგისთვის”, – განაცხადა მინისტრმა.