ირაკლი ღარიბაშვილი: მე და ჩემი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში ქალთა უფლებების დაცვას მივაღწიოთ – ვიდეო

მე და ჩემი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა საქართველოში ქალთა უფლებების დაცვას მივაღწიოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “რედისონში” განაცხადა, სადაც მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია – “გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში” იმართება.
პრემიერის თქმით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვით, აგრეთვე გაზრდილი ინფორმირებულობისა და აქტიური მხარდაჭერის წყალობით, პროგრესი უფრო საგრძნობი გახდება.
“პეკინის მოქმედებათა პლატფორმის 20 წლის მიმოხილვის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი ძალიან ნელია, წინსვლა არის და პრობლემა ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც თანდათანობით მცირდება. დარწმუნებული ვარ, რომ გენდერული თანასწორობისა და ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვით, აგრეთვე გაზრდილი ინფორმირებულობისა და აქტიური მხარდაჭერის წყალობით, პროგრესი უფრო საგრძნობი გახდება. მისასალმებელია, რომ თითოეულმა ქვეყანამ იკისრა ვალდებულება, შეასრულოს პეკინის მოქმედებათა პლატფორმის მოთხოვნები. გარდა ამისა, გაეროს წევრმა ქვეყნებმა მიზნად დაისახეს 2030 წლისთვის მიაღწიონ პრინციპს – “პლანეტა 50/50-ზე”. ვთვლი, რომ ეს ძალიან ამბიციური მიზანია, მაგრამ მჯერა, ამის მიღწევა სავსებით შესაძლებელია. მინდა გითხრათ, რომ პირადად მე და ჩემი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ამ მიზანს მივაღწიოთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიმართულებით საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
“ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ბოლო წლებში ჩვენ არსებითი პროგრესი გვაქვს – შარშან მივიღეთ ადამიანის უფლებათა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, აგრეთვე მივიღეთ ანტიდისკიმინაციული კანონი. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ,,ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციას. გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეს ძალისხმევა აისახება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები