აშშ-დან დაჭრილი ჯარისკაცებისთვის სპეციალურად გამოგზავნილი მორფინი უკვალოდ გაქრა – ამერიკული მხარე გამოძიებას ითხოვს
2008 წლის აგვისტოს ომის დროს აშშ-დან დაჭრილი ჯარისკაცებისთვის სპეციალურად გამოგზავნილი მორფინი უკვალოდ გაქრა – ამ საკითხით ამერიკული მხარეა დაინტერესებული.
ამ შინაარსის სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი” სააგენტო “ტელეგრაფზე” დაყრდნობით ავრცელებს. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, საქართველოში სამედიცინო ტვირთი ნამდვილად შემოვიდა, თუმცა სად წავიდა ამერიკიდან გამოზგავნილი კონტეინერი, უცნობია.
სტატიაშივე გამოითქვა მოსაზრება, რომ ნარკოტიკული ტვირთი ლიცენზირებულ ნარკოლოგიურ კლინიკას უნდა მიეღო.
გამოცემამ აღნიშნული ინფორმაცია ონკოლოგიის სახელმწიფო ცენტრში გადაამოწმა, სადაც ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა ნარკოტიკული საშუალების მიღება უარყვეს.
“2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვაშინგტონის ერთ-ერთი ონკოლოგიური საავადმყოფოდან სამედიცინო ტვირთი საქართველოში ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცებისთვის, ოფიციალურად თბილისის მერიის სახელზე გამოიგზავნა.
ეს იყო ძალიან მაღალი დონის ხარისხის მორფინი, რომელსაც, როგორც წესი, ონკოლოგიური პაციენტებისთვის ტკივილის გასაყუჩებლად იყენებენ.
საკმაოდ დიდი რაოდენობის მორფინის ადრესატი თბილისის მერია იმიტომ გახდა, რომ ომის პერიოდში ამერიკის სახელმწიფოს მისი სხვა ფორმით გამოგზავნა გაუჭირდა. ეს ტვირთი მერიას თავდაცვის სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებინა, რაც არ მომხდარა”,- ჰყვება “ტელეგრაფთან” საუბრისას რესპონდენტი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და ვინაობის გამხელა არ ისურვა.
თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი 2008 წელს მამუკა ქაცარავა იყო, რომელმაც პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ ამერიკიდან მაღალი ხარისხის მორფინი ქალაქის მერიას არ მიუღია. მისივე თქმით, მას შესაბამისი ლიცენზიის მქონე კლინიკა მიიღებდა.
“მორფინის ასე მოძრაობა აბსურდია. როგორ შეიძლება მორფინი ასე შემოსულიყო. უსერიოზულესი პროცედურებია საჭირო. მერიას არანაირი უფლება არ აქვს, რომ ნარკოტიკი მიიღოს. გამორიცხულია, რომ მერია ყოფილიყო ტვირთის მიმღები”,-განაცხადა ქაცარავამ.