შსს -მ ქობულეთში, გაზგასამართ სადგურსა და სავალუტო ჯიხურში მომხდარი ყაჩაღობა გახსნა (ვიდეო)

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გოგიტა გ, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი კ. და 1988 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბესიკ მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ამა წლის 26 ოქტომბერს ქობულეთის რაიონის სოფელ გვარაში გაზგასამართი სადგურის ოპერატორებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 400 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა 27 ოქტომბერს ქობულეთში სავალუტო ჯიხურის მფლობელს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 11 ათასი ლარი, 3 ათასი თურქული ლირა და 1531 დოლარი გასტაცეს.
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში თბილისსა და ქობულეთში დააკავეს. დაკავებისას ბესიკ მ-მ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 2 პისტოლეტი, საბრძოლო ვაზნები, 1 მჭიდი, ცივი იარაღი და გატაცებული თანხის ნაწილი ამოიღეს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები