შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული მურად ს. და 1961 წელს დაბადებული ვასილ ჩ. დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები აღიარებდნენ ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებდნენ დანაშაულებრივი საქმიანობის განსახორციელებლად. კერძოდ, მუქარისა და დაშინების გზით, ინდივიდუალურ მეწარმეებს: უჩა ჩ-ს, გია დ-ს და თეიმურაზ გ-ს გამოსძალეს 10 000 ლარი. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, გამოძალული სრული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები