“თქვენ ხართ ხალხი, რომელსაც სამშობლოში ელოდებიან“
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფში იმყოფებოდა. ბრიტანული სამხედრო ბაზა „ბასტიონის“ აეროდრომზე საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს ISAF-ის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების სარდალი, ბრიგადის გენერალი დანიელ იუ დახვდა.
ამერიკელმა გენერალმა საქართველოს პრეზიდენტს მისიის მიმდინარეობის დეტალები და ქართული სამხედრო კონტინგენტის საბრძოლო ოპერაციებში მონაწილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გააცნო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის შემდეგ საქართველოს ოფიციალური დელეგაცია ამერიკული სამხედრო ბაზის „ლეზერნიკის“ ტერიტორიაზე განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შტაბში „ორბი“ გაემგზავრა, სადაც სამხედროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დელეგაციის შემადგენლობაში პრეზიდენტთან ერთად გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იყვნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა ISAF-ისოპერაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის 7 ამერიკელ სამხედრო ქვეითსა და 12 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და ყურადღება გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილი წვლილის შესახებ გაამახვილა.
„მე ამაყი ვარ, რომ ვდგავარ იმ ხალხის გვერდით, ვისაც ქართული დროშა მსოფლიო მაშსტაბით, ძალიან მაღლა აქვს აწეული. თქვენ ხართ ხალხი, რომლებსაც სამშობლოში ელოდებიან და რომლებითაც ამაყობენ! ამაყი ვარ იმით, რომ თქვენთან ერთად ვდგავარ და ასეთი ხალხის მთავარსარდალი ვარ! საქართველოში ყველა აფასებს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, რადგან ეს არის ბრძოლა საქართველოს სიძლიერისათვის, ეს არის ბრძოლა მსოფლიოს სტაბილურობისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ISAF-ის მისიაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.