რაულ ხაჯიმბას ვიზიტს ჩრდილოეთ ოსეთში შეიძლება ინგუშებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის გართულება მოჰყვეს

„სულის და იარაღის ძმებს“ – ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ვლადიკავკაზში სტუმრობისას ჩრდილოეთ ოსეთის 12 მკვიდრს ჯილდოები გადასცა. ხაჯიმბამ ხაზი გაუსვა იმ ადამიანების თავდადებას და გმირობას, რაც მათ 1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს გამოიჩინეს. როგორც ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერმა ტამერლან აგუზაროვმა ხაჯიმბასთან შეხვედრაზე განაცხადა, აფხაზი და ოსი ხალხები ძმები არიან. თავის მხრივ, ხაჯიმბას თქმით, ის არასოდეს დაივიწყებს იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი გაწირეს აფხაზეთის „დამოუკიდებლობისთვის“ ბრძოლაში.
რაულ ხაჯიმბამ ასევე გვირგვინით შეამკო დიდების მემორიალი, მან და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარემ სტანისლავ კოსაევმა ოსეთის დაცვის გმირების საფლავებიც ყვავილებით შეამკეს.
გაზეთი „ახალი თაობა“ წერს, რომ ალანიაში ხაჯიმბას ჩასვლას შესაძლოა, აფხაზურ-ინგუშური კონფლიქტი მოჰყვეს. საქმე ისაა, რომ ამ პანთეონში 1992 წლის ოქტომბრის ოსურ-ინგუშური კონფლიქტის დროს დაღუპული ოსი მებრძოლები არიან დასაფლავებულები.
ეს კონფლიქტი ინგუშებს დღემდე ახსოვთ და ამაზე აუცილებლად ექნებათ რეაქცია. მაშინ ვლადიკავკაზთან ახლოს მცხოვრები ათასობით ინგუში ოსებმა საკუთრი საცხოვრებელი ადგილებიდან განდევნეს. აფხაზები კი დღემდე დაბოღმილები არიან ინგუშებზე, რომლებმაც ოფიციალურად თქვეს უარი ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაზე ,– წერს „ახალი თაობა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები