“პოზიცია“ გიორგი პაპუაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებს ამხელს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას არ აქვს უფლება. სასამართლო ხელისუფლებას წარმოადგენდეს.
როგორც გურამ ადამაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, გიორგი პაპუაშვილს არც მორალური უფლება გააჩნია, მოსამართლის მანტია ჰქონდეს მოცმული და საზოგადოებას სამართლიანობასა და კონსტიტუციის დაცვაზე ესაუბრებოდეს. ადამაშვილი ერთ-ერთ კონკრეტულ მაგალითად ბათუმში მის საცხოვრებელ სახლს ასახელებს, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ კერძო პირს ძალადობრივი გზით დაათმობინა.
„პაპუაშვილი წლებია ბათუმში სხვის სახლში უკანონოდ ცხოვრობს და ამის გამო სინდისის ქენჯნა საერთოდ არ აწუხებს. ეს სახლი როლანდ ბლადაძეს ეკუთვნოდა, რომელიც საბაჟო დაცვის სამსახურში მუშაობდა. 2004 წლის აპრილში კი საბაჟო სამმართველოს ხელმძღვანელობამ ის სამსახურიდან გაათავისუფლა, აჭარის პროკურატურამ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. სასამართლომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება უკანონოდ, დაუსაბუთებლად სცნო და ჩამოართვა. თუმცა თავად ბლადაძე იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და რუსეთის მოქალაქეობა მიეღო“, – აღნიშნა ადამაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სწორედ ამ დროს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის დახმარებით გიორგი პაპუაშვილი ბლადაძის სახლს დაეპატრონა და დღემდე მას უკანონოდ იკავებს. უფრო მეტიც, სააკაშვილმა პაპუაშვილს ბლადაძის სახლი პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადასცა.
„პოზიციაში“ აცხადებენ, რომ 2013 წლის ივნისში, როლანდ ბლადაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოს საშუალებას არ აძლევს ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ბათილად სცნოს (რადგან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გასაჩივრებიდან, ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა გასულია), ბლადაძე საკუთრებას დღემდე ვერ იბრუნებს.
„სამწუხაროდ, აი ასეთი კაცი განსაზღვრავს ქვეყანაში სამართლის უზრუნველყოფას. როგორ შეიძლება, ამ ისტორიის გაცნობის შემდეგ, საზოგადოებაში რაიმე ნდობა გააჩნდეს გიორგი პაპუაშვილს, ადამიანს, რომელიც მისთვის თანამდებობის და სხვისთვის წართმეული ქონების მჩუქებელი პატრონის, სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ და არა საზოგადოების წინაშეა ვალდებული. შესაბამისად, ის დღემდე რჩება მათი დაკვეთების შემსრულებლად, რაც გიგი უგულავას სარჩელზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც ნათლად მიანიშნებს“, – აცხადებს გურამ ადამაშვილი.
„პოზიციამ“ 16 სექტემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კვლევაც ჩაატარა. როგორც გურამ ადამაშვილმა აღნიშნა, მოქალაქეებს ერთადერთი შეკითხვით მიმართეს – „თქვენი აზრით, დამნაშავეა თუ არა გიორგი უგულავა“. კვლევეის შედეგები კი შემდეგია: 62,5% (534 ადამიანი) თვლის, რომ გიგი უგულავა დამნაშავეა, 18,7% (160 ადამიანი) თვლის რომ უდანაშაულოა, 13,3% (114 ადამიანი) ამბობს რომ არ იცის, ხოლო 5.4%-ს (46 ადამიანი) უჭირს პასუხის გაცემა.
როგორც ადამაშვილმა აღნიშნა, გამოკითხვა ჩატარდა შევთხვევითი შერჩევის პრინციპით და გამოიკითხა 854 სრულწლოვანი მოქალაქე. გამოკითხვისათვის ორგანიზაციამ ისარგებლა თბილისში რეგისტრირებული სტაციონალური სატელეფონო ნომრების ბაზით (სატელეფონო ცნობარი). „პოზიციაში“ აცხადებენ, რომ ასეთ ფონზე საზოგადოების ინტერესების იგნორირება და უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლება აშკარად შეიცავს პოლიტიკური დაკვეთის ნიშნებს, რადგან იმ კანონის მიხედვით, რომელიც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის შექმნილი, 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადები უამრავი ბრალდებულისთვის დარღვეულია. გიორგი პაპუაშვილი კი მხოლოდ გიგი უგულავასთვის ქმნის სასათბურე პრეცედენტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები