ე.წ. სამხრეთ ოსეთში რელიგიურ სექტებთან ბრძოლას აპირებენ
„რელიგიური სექტები სამხრეთ ოსეთში აქტიურად ვითარდებიან და ახალგაზრდებს იზიდავენ, ეს კი ხელისუფლებისა და საზოგადოების შეშფოთებას იწვევს“, – განუცხადა სააგენტო „სპუტნიკს“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა რელიგიის საკითხებში სონია ხუბაევამ.
მისი თქმით, თუ ადრე რელიგიურ სექტებში მოხუცები მიდიოდნენ, რომელთა უმეტესობამ ომის დროს ახლობლები დაკარგა, ახლა ამ სექტებს ბევრი ახალგაზრდა შეუერთდა.
ხუბაევას თქმით, ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ოფიციალურად მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია მოქმედებს, რომელიც ე.წ. იუსტიციის სამინისტროშია რეგისტრირებული.
„გარდა ამისა, 1990 წლებიდან რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებენ დაურეგისტრირებელი სექტები და, სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის მიხედვით, ისინი უკანონოა. მათი საქმიანობის აღკვეთა – სამართალდამცველი ორგანოების პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ ეს მოვალეობა არ სრულდება“, – განაცხადა ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა.
ხუბაევამ დააკონკრეტა, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე „იეღოვას მოწმეთა“ და „ორმოცდაათიანელების“ ძლიერი სექტები, ასევე „ბაპტისტების“ და „მეშვიდე დღის ადვენტისტების“ უფრო მცირე ჯგუფები მოქმედებენ.