დიმიტრი სანაკოევი: ინფორმაცია, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ, სიცრუეა
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია შეიძლება გაუქმდეს, სიმართლეს არ შეესაბამება და ტყუილია, – ამის შესახებ „კვირას“ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა განუცხადა.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და მთავრობის ადმინისტრაციას უკვე 2016 წლის სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტიც გადაუგზავნა.
„სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის დაფინანსება არ შეცვლილა, უკვე სამი წელია მთავრობისგან დაფინანსებას ვღებულობთ. 2016 წლის ბიუჯეტი და ჩვენი პროექტები უკვე გადაგზავნილია მთავრობის ადმინისტრაციაში. გარდა ამისა, შარშანდელისაგან განსხვავებით, 2016 წელს რამდენიმე განსხვავებული პროექტიც დავამატე, თუ, რა თქმა უნდა, 2016 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს დაამტკიცეს“, – აცხადებს დიმიტრი სანაკოევი „კვირასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, მომავალ წელს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია გეგმავს, სამხრეთ ოსეთიოს ტერიტორიიდან დევნილი ბავშვები განსაკუთრებულად დაასვენოს და ამის შესაბამისი პროექტი უკვე არსებობს.
სანაკოევის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია უშუალოდ ეხმარება ცხინვალიდან თბილისში გადმოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანრთელობის სხვადასხვა პრობლემები აქვთ და მათ თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოებში იმკურნალეს.
სანაკოევის ინფორმაციით, წელს 8 თვის განმავლობაში ცხინვალიდან გადმოსულ 400-მდე პირს რეფერალური პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას გაუქმება ემუქრება.