ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან აფხაზეთის „მოქალაქეების“ პასპორტები ჩაიტანეს

 

60 ათასი პასპორტი ჩაიტანეს ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელთაც ოკუპირებული რეგიონის „მოქალაქეებს“ დაურიგებენ.

სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, პასპორტები რუსულმა „გოზნაკმა“ დაამზადა და ისინი სპეციალურ საცავში ინახება. ამის შესახებ ბრიფინგზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერმა შამილ აძინბამ განაცხადა. „ჩვენ შევუკვეთეთ 300 ათასი პასპორტი, აქედან 60 ათასი უკვე მივიღეთ, დარჩა 240 ათასი, მათ შორის 50 ათასი ცხოვრების უფლების დოკუმენტია, ხოლო 190 ათასი აფხაზეთის შიდა პასპორტია“, – განაცხადა აძინბამ.

მისი თქმით, ამჟამად პასპორტების გაცემის ელექტრონული სისტემა იქმნება.

„2016 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები გაიმართება. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, გალის რაიონში და აღმოსავლეთ აფხაზეთის სხვა რეგიონებში ამ საბუთების გაცემის გზით მოქალაქეების გარჩევა არამოქალაქეებისგან“, – განაცხადა აძინბამ.

ამასთანავე, ე.წ. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, თუ მოსახლეობის პასპორტიზაცია ახლო მომავალში ვერ მოხერხდა, შესაძლოა, კენჭისყრა ძველი საბუთებით მოხდეს. ასევე ე.წ. ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ პასპორტების გაცემის დროს ძალზე მნიშვნელოვანია რესპუბლიკის არამოქალაქეების მიერ ამ საბუთების მიღების დაუშვებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები