რაულ ხაჯიმბას განცხადებით, სოხუმის აეროპორტის აღდგენის თანხები აფხაზეთს არა აქვს

აფხაზეთს არა აქვს საკმარისი თანხა სოხუმის აეროპორტის აღსადგენად. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა და სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
„ჩვენ გვსურს სოხუმის აეროპორტის აღდგენა, მაგრამ ერთი და ორი მილიარდი რუბლი ნამდვილად არ ეყოფა“, – განაცხადა ხაჯიმბამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ხაჯიმბამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ამ საკითხზე და შესაძლო ინვესტორების მოზიდვაზე იყო საუბარი.
2014 წელს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსულ კომპანია „აეროპორტ დეველოპმენტს“ შორის შეთანხმება გაფორმდა. მანამდე რუსული კომპანიის ხელმძღვანელმა ვიქტორ ხილჩევსკიმ განაცხადა, რომ აეროდრომის ინფრასტრუქტურის აღდგენა, ასევე მომსახურე პერსონალის მომზადება – აფხაზურმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, ხოლო „აეროპორტ დეველოპმენტი“ აეროპორტის კომპლექსს – მის შენობას, სასტუმროს, მაღაზიას და რესტორნებს ააშენებს.
სოხუმის აეროპორტი, რომელიც ბაბუშერის დასახლებასთან მდებარეობს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების შემდეგ, 1993 წლიდან არ ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები