სერგეი ბეზრუკოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახალხო არტისტი გახდა
რუს მსახიობ სერგეი ბეზრუკოვს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს. ბეზრუკოვი ამჟამად ცხინვალში იმყოფება, სადაც გუშინ მან შემოქმედებითი საღამო გამართა.
ბეზრუკოვმა ცხინვალის თეატრში იმღერა, ასევე პუშკინის, ლერმონტოვის, ესენინის და ვისოცკის ლექსები წაიკითხა.
საღამოს დასასრულს სერგეი ბეზრუკოვი ცხინვალელ მაყურებელს დაჰპირდა, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვა და მოსკოვის „გუბერნიის თეატრს“ ჩამოიყვანს.
„მოსკოვის მაყურებელი ძალიან მიყვარს, მაგრამ გასტროლებს ნებისმიერი მსახიობი განსაკუთრებულად განიცდის“, – განაცხადა ბეზრუკოვმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სერგეი ბეზრუკოვი თბილისში აპირებდა ჩამოსვლას, მაგრამ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მისი გამოსვლების გამო თბილისმა ეს გასტროლები გააუქმა.