ცხინვალში უპატრონო ძაღლების მიერ დაკბენილთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება

მიმდინარე წელს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ძაღლებისგან დაკბენის 400-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.
ცხინვალის მკვიდრი ზალინა ბესტაევა უპატრონო ძაღლთა შეტევას სასწაულად გადაურჩა. ის საღამოს სახლში საავადმყოფოდან ბრუნდებოდა და ცხინვალში, ოსეთის ქუჩაზე უპატრონო ძაღლების ალყაში აღმოჩნდა. ძაღლები ქალს დაესხნენ და კინაღამ ფეხი მოაჭამეს, ბესტაევას მეზობლებმა უშველეს.
„არ ვიცი, ახლა როგორ ვიარო ქუჩაში, იმ თავდასხმის დროს რომ არ დამხმარებოდნენ, ნამდვილად ვერ გადავრჩებოდი. როგორც მე ვიცი, უპატრონო ძაღლებს ცხინვალში ხოცავენ, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ეს მათ რაოდენობას არ ცვლის“, – ამბობს ზალინა ბესტაევა. ცხინვალის საავადმყოფოში პრაქტიკულად ყოველდღე მიჰყავთ დაკბენილი ადამიანები. თუ გასულ წელს 350 ასეთი შემთხვევა იყო, მიმდინარე წელს უკვე 495 ადამიანია დაკბენილი.
ექიმების ინფორმაციით, გასულ წელს დაკბენის ერთი შემთხვევა პაციენტის გარდაცვალებით დასრულდა – ამ ადამიანს ცოფიანმა ძაღლმა უკბინა. ამასთანავე, მედიკოსებს არა აქვთ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები.
ცხინვალის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უპატრონო ძალლების დახოცვა „გეგმურად მიმდინაროებს“. იმის გამო, რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სპეციალური კრემატირიუმი არ არის, მოკლულ ცხოველებს ორმოში ყრიან და წვავენ. ამის შემდეგ ამ ადგილს მიწას აყრიან. მათი თქმით, ეს არ არის პრობლემის გადაჭრის ყველაზე ჰუმანური გზა, მაგრამ სხვა შესაძლებლობა არ არსებობს.
ოკუპირებული ცხინვალის მერიის წარმომადგენლების თქმით, სტატისტიკა ძაღლებით დაკბენილ ადამიანთა რეალურ რიცხვს არ ასახავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები