საბაზისო ზამთრის მომზადების კურსი დასრულდა
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საბაზისო ზამთრის მომზადების კურსი დღეს ოფიციალურად დასრულდა. სწავლების დახურვის ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების – საქართველოს, სომხეთის, იორდანიის, ეგვიპტის, უნგრეთის, პოლონეთის, ლიტვის, ბულგარეთის და თურქეთის სამხედროები მონაწილეობდნენ. წვრთნებში მონაწილე 20-მა მსმენელმა კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები მიიღო.
ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის (PFP) პროგრამის ფარგლებში საბაზისო ზამთრის კურსი დაბა ბაკურიანში 23 თებერვალს დაიწყო. საჩხერის სამთო სკოლის ინსტრუქტორებმა მსმენელებს თხილამურებზე სრიალი შეასწავლეს. უცხოელი სამხედრო მოსამსახურეები ასევე, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებსაც გაეცნენ. კურსის ფარგლებში მათ თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. ”იგლუს” მოწყობაც ისწავლეს. კურსის წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები სამთო მომზადების სკოლაში ზამთრის და ზაფხულის შემდგომ კურსებს გაივლიან.